“აქ აღარასდროს დავბრუნდები“ - ბასილაშვილი დოჰას ტურნირს გაემიჯნა
ნიკოლოზ ბასილაშვილს 2025 წლის დოჰას ტურნირზე მონაწილეობის უფლება არ მისცეს, რაც მისთვის საკმაოდ დიდი იმედგაცრუება იყო.
ქართველი ჩოგბურთელი აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და ინსტაგრამის სთორის საშუალებით განცხადებას ავრცელებს.
რას წერს ბასილაშვილი?
„მოგესალმებით ყველას. მე ცოტათი გულნატკენი ვარ, რომ დოჰას ტურნირზე „უაილდქარდი“ ვერ მივიღე. ვერც საკვალიფიკაციო ეტაპზე მოვხვდი მიუხედავად იმისა, რომ ეს ტურნირი 2021 წელს მოვიგე და 2022 წელს ფინალში გავედი.
მივეჩვიე, რომ ადვილად ვერაფერს ვიღებ, მაგრამ ეს განსაკუთრებულად მტკივა. მესმის, რომ ფული და სპონსორები დიდ როლს თამაშობენ, მაგრამ ყველაზე მთავარი საღი აზრია. კატარმა საოცარი მომენტები და მოგონებები მომცა, რომლებსაც სამუდამოდ შევინახავ, მაგრამ გპირდებით, ჩემს პროფესიონალურ კარიერაში აქ აღარ დავბრუნდები.“
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს დოჰას ტურნირის ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდა და ჩემპიონი გახდა. 2022 წელს კი კვლავ ესპანელს შეხვდა, თუმცა ამჯერად დამარცხდა.