აქტიურობდა და საგოლე მომენტებიც ჰქონდა | ჩაკვეს უოტფორდმა მიდლსბროს მოუგო
ჩემპიონშიფის 33-ე ტურში „უოტფორდი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე იცავს, სტუმრად „მიდლსბროს“ დაუპირისპირდა და ბოლო 6 მატჩში პირველი გამარჯვება იზეიმა.
ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე გავიდა - იმრან ლუზას მოწოდებული კუთხურის შემდეგ „მიდლსბროს“ მცველებმა უმეთვალყურეოდ „უოტფორდის“ კაპიტანი მუსა სისოკო დატოვეს, რომელმაც თავური დარტყმით სტუმრები დააწინაურა.
ჩაკვეტაძე ტომ ქლევერლიმ ძირითადში ათამაშა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალა. გიორგის მეორე ტაიმში ორი კარგი მომენტიც ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მისი დარტყმა „მიდლსბროს“ მეკარემ, მარკ ტრევერსმა მოიგერია.
ჩაკვეტაძემ Sofascore-ისგან 7,1-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 52 შეხება ბურთთან, 34-დან 31 ზუსტი პასი (91%), 3 საკვანძო პასი, 3 დარტყმა კარში, 1 დაბლოკილი დარტყმა, 4 უზუსტო ჩაწოდება, 3-დან 2 ზუსტი გრძელი პასი, 1 შექმნილი საგოლე მომენტი, 10-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა, 1 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა. გიორგიმ 11-ჯერ დაკარგა ბურთი და ყვითელი ბარათი მიიღო.
ჩაკვეს გამორჩეული მომენტები:
33 მატჩის შემდეგ „უოტფორდს“ 45 ქულა აქვს და ამ დროისთვის ჩაკვეს გუნდი ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „უოტფორდი“ 23 თებერვალს, შინ „ლუტონის“ წინააღმდეგ გამართავს.