ახალი პრეზიდენტი ქართულ ჭიდაობაში - ბერუაშვილი ხუბულურმა შეცვალა
ქართული ჭიდაობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ამ თანამდებობაზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თემურ ხუბულური იმუშავებს, რომელსაც დღეს გამართულ საარჩევნო ყრილობაზე დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ხუბულურმა ხელმძღვანელის პოსტზე გელა ბერუაშვილი შეცვალა - ეს უკანასკნელი პრეზიდენტად უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში მუშაობდა და წესდების თანახმად, საკუთარი კანდიდატურის დაყენების უფლება აღარ ჰქონდა.
ხუბულური ქართული ძიუდოს ერთ-ერთი ლეგენდაა - ის ორჯერ მსოფლიოს (1979, 1981), ორჯერ კი ევროპის (1976, 1979) ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, 1980 წელს მოსკოვში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან განაცხადა, რომ მისი უმთავრესი მიზანი ქართული ჭიდაობის სპორტის სახეობად დარეგისტრირება და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დარწმუნებაა იმაში, რომ ოლიმპიურ პროგრამაში შეტანაზე განხილვა მაინც დაიწყონ, რაც მისი აზრით ურთულესი მისაღწევი იქნება, თუმცა საამისოდ ყველაფრის გაკეთებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქართული მრავალხმიანობის, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდისა და ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის შემდეგ, იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ქართული ჭიდაობა გაწევრიანდა.