ქეცბაია შოტლანდიაში იმუშავებს? | ორი მთავარი კანდიდატიდან ერთ-ერთია
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი, თემურ ქეცბაია შოტლანდიური „მაზერუელის“ გაწვრთნასთან სულ უფრო ახლოსაა. ამის შესახებ გამოცემა Motherwell Times-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, საბოლოო სიაში ქეცბაია და კიდევ ერთი სპეციალისტი მოხვდნენ, ხოლო კლუბმა გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს და „მაზერუელის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა მომავალ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი.
„მაზერუელს“ ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს, კლუბი შოტლანდიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზეა. გუნდს სტიუარტ კეტლუელი წვრთნიდა, რომელმაც თანამდებობა 27 იანვარს დატოვა. უახლოეს მატჩებში „მაზერუელს“ მისი ასისტენტი, სტივენ ფრეილი უხელმძღვანელებს.
Motherwell Times-ის ცნობით, ქეცბაიამ „მაზერუელის“ ხელმძღვანელობას საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა და გუნდის გაწვრთნის სურვილი გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ქეცბაია კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, სადაც 2022 წლიდან მუშაობდა და 2024 წლის სექტემბერში თანამდებობა დატოვა.