ესპანეთთან სერიოზული დანაკლისით - მატჩი პირველი ადგილისთვის
კვირას, 16 თებერვალს, მადრიდში საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის 2025 წლის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის შეხვედრას გამართავს, სადაც მათი მეტოქე ადგილობრივი ესპანეთის ეროვნული გუნდი იქნება. თამამად შეიძლება ამ დაპირისპირებას მატჩი პირველი ადგილისთვის ვუწოდოთ, რადგან საწყის ორ ტურში როგორც ბორჯღალოსნებმა, ასევე ესპანელებმა გაიმარჯვეს. რიჩარდ კოკერილის მომზადებულმა ქართველმა მორაგბეებმა ავჭალის სტადიონზე ჯერ შვეიცარიას (110:0), ხოლო შემდეგ ნიდერლანდებს (40:7) აჯობეს. ესპანეთის ნაკრებმა კი შინ ნიდერლანდელების (53:24) ძლევის შემდეგ, სტუმრად შვეიცარიელებსაც (13:43) მოუგეს.
პირენეის ნახევარკუნძულზე ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდი სერიოზული დანაკლისით ჩავიდა - ტრავმის გამო, მთავარი მწვრთნელი ლუკა მატკავას, ბექა საღინაძეს, თორნიკე ჯალაღონიასა და ამირან შვანგირაძეს ვერ დაიხმარს, ხოლო ბექა გორგაძე დისკვალიფიცირებულია. შექმნილი საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, კოკერილმა სამი ახალი მორაგბე, იოანე იაშაღაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და იოანე მეტრეველი გამოიძახა.
ესპანეთი - საქართველოს მატჩი კვირას, თბილისის დროით 15:45 წუთზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნები ჯგუფს პირველ პოზიციაზე დაასრულებენ და ნახევარფინალურ შეხვედრას შინაურ კედლებში B ჯგუფის მეორეადგილოსანთან ჩაატარებენ.