ოქრო ევროპის ჩემპიონატზე - ტყვიის მსროლელებმა ტრიუმფით დაასრულეს
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ტყვიის მსროლელთა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა არაჩვეულებრივად იასპარეზეს და ტურნირის ბოლო დღეს, გუნდურ შეჯიბრებაში კონტინენტის პირველობის ჩემპიონები გახდნენ. გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც რევაზ ლილუაშვილი, ლუკა კობახიძე და სანდრო ხოსიტაშვილი იცავდნენ, უკრაინელებს 13:11 მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
გუნდურ ჩემპიონობას წინ, შეჯიბრებას წინა დღეებში ინდივიდუალურ დონეზე მიღწეული წარმატებები უძღვოდა. 16-წლამდელებს შორის 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში სანდრო ხოსიტაშვილმა ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში ბრინჯაოს მედალი მოიგო 16-წლამდელთა ნაკრებმა სანდრო ხოსიტაშვილის, რევაზ ლილუაშვილისა და ლუკა კობახიძის შემადგენლობით, ხოლო ელენე წიკლაურისა და ხოსიტაშვილის წყვილი ასევე მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
ცნობისათვის, ესტონეთში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა ქართველმა ტყვიის მსროლელებმა საერთო ჯამში 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.