მოლაპარაკებები ვერ იწყება - ვინისიუსის დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება
ვინისიუს ჟუნიორის აგენტი რამდენიმე დღის წინ მადრიდში სპეციალურად იყო ჩასული საიმისოდ, რომ მისი კლიენტის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე „რეალის“ ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები დაეწყო. თუმცა, როგორც ირკვევა, სამეფო კლუბის მხრიდან პირველი წინადადება არსებული ფინანსური პირობების გათვალისწინებით, ბრაზილიელის გარემოცვისთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ მათ შეხვედრაზე მისვლაზეც უარი განაცხადეს.
საქმეს ართულებს საუდის არაბეთის რამდენიმე კლუბის გააქტიურება - ერთ-ერთი მათგანი ვინისიუსს მასთან გადასვლის შემთხვევაში ხელფასის სახით წელიწადში არც მეტი არც ნაკლები მილიარდ ევროს სთავაზობს, რითაც ის არამხოლოდ თანამედროვე, არამედ მთლიანად ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.
ბრაზილიელის კონტრაქტის თემაზე დასმულმა შეკითხვამ ძალიან გააღიზიანა „ბლანკოსის“ იტალიელი მთავარი მწვრთნელი - კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ დაიღალა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებით, რადგან არაერთხელ განუცხადებია, რომ ვინი ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს.