ბაიერნში 2030 წლამდე | მუსიალამ კონტრაქტი გაახანგრძლივა
ჯამალ მუსიალამ „ბაიერნთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
21 წლის ფეხბურთელსა და „რეკორდმაისტერს“ შორის დადებული შეთანხმება 2030 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.
ჯამალ მუსიალა: „ბედნიერი ვარ. „ბაიერნი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია. აქ ჩემი პროფესიული კარიერის პირველი ნაბიჯები გადავდგი და მტკიცედ მჯერა, რომ უახლოეს წლებში ჩვენ წინ დიდი წარმატებები გველის. მიუნხენში თავს საკუთარ სახლში ვგრძნობ“.
„ბაიერნის“ პრეზიდენტი, ჰერბერტ ჰაინერი: „გულშემატკივრები სტადიონზე სწორედ ასეთი ფეხბურთელების სანახავად მიდიან, ის გამორჩეული ფეხბურთელია. ხანდახან ფიქრობ, რომ მასზე გრავიტაცია არ მოქმედებს. აღსანიშნავია ისიც, რა სამუშაო გასწია ჩვენმა სპორტულმა მენეჯმენტმა და ბორდმა. დღეს „ბაიერნისთვის“ კარგი დღეა“.
შეგახსენებთ, რომ მუსიალა „ბაიერნში“ 2019 წლის ზაფხულში, 16 წლის ასაკში, ლონდონის „ჩელსის“ აკადემიიდან გადავიდა, პირველ გუნდში დებიუტი კი 2020 წელს ჰქონდა. დღემდე მან „ბაიერნის“ მაისურით 193 მატჩი ჩაატარა და 58 გოლი გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ მუსიალას მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი, მათ შორის „ბარსელონა“ გამოხატავდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მუსიალას „ბაიერნში“ დებიუტი სწორედ კატალონიელების ამჟამინდელი თავკაცის, ჰანსი ფლიკის მწვრთნელობის პერიოდში შედგა.