ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„ილიას ჩემპიონობა ჩემი ოცნებაც იყო“ - ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუ

სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის გამოეხმაურა თავისი ძმის, ილიას საჩემპიონო ბრძოლის გამო თავისი კარიერის შეჩერების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

რა თქვა „ელ კონკისტადორმა“:

„ილიას ჩემპიონობიდან გამომდინარე ჩემზე დამატებითი პასუხისმგებლობა და ზეწოლა მოდის, მაგრამ, ვფიქრობ, ამას კარგად ვუმკლავდები. მუხლჩაუხრელად ვშრომობ, კონცენტრირებული ვარ ჩემს საქმეზე და მთელი ყურადღება ჩემს ოპონენტზე მქონდა გადატანილი.

ჩემი ოპონენტი კოლბი იყო, და არა ვოლკანოვსკი, საპირისპირო კუთხეში მისი ყოფნა ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. წინა ჯერზე ვოლკანოვსკი იყო ჩვენი მეტოქე, მადლობა ღმერთს, მაშინ ჩვენი საქმე კარგად შევასრულეთ. ახლა კი ვიცოდი, რომ გალიაში ჩემს პირისპირ კოლბი იქნებოდა, რატომ უნდა მეფიქრა ვოლკანოვსკიზე? ვფიქრობ, ჩემს ჩხუბსაც ეტყობოდა, რომ მხოლოდ კოლბი თიქნესზე ვიყავი კონცენტრირებული.

თიქნესი კარგი მებრძოლია. UFC-ში მისი ხილვა გამიხარდებოდა. მან ბრძოლაში მთელი სული ჩადო, დათანხმდა ამ ბრძოლას, მაშინ, როდესაც მოსამზადებლად მხოლოდ 2 კვირა რჩებოდა. კარგი ჩხუბი გამოვიდა, ის უკან არ იხევდა, მოგება სურდა - მისი საღამო არ იყო, მაგრამ ვფიქრობ, ის სულ მცირე კიდევ ერთ შანსს იმსახურებს და თუ კარგად იჩხუბებს, მას კონტრაქტი უნდა შესთავაზონ.


ორი წელი არ მიჩხუბია, მაგრამ გალიაში თავი არაკომფორტულად არ მიგრძვნია. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ერთი თვის წინაც ვიჩხუბე, იმიტომ რომ ძალიან ძლიერ მებრძოლებთან ვვარჯიშობდი და დიდი სამუშაო გავწიე.

UFC-ში 2023 წლის ნოემბერში უნდა მეჩხუბა, მაგრამ ჩემი კარიერა გვერდზე გადავდე, რათა 2024 წლის თებერვალში ილიას ვოლკანოვსკისთან მომზადებში დავხმარებოდი. ქამრის მოპოვების შესაძლებლობა მოგვეცა, რისთვისაც წლების განმავლობაში ვმუშაობდით. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ახლა ილიას ჩხუბზე გაგვეკეთებინა აქცენტი.

მადლობა ღმერთს, ქამარი მოვიპოვეთ, მაგრამ მე მაინც UFC-ის მიღმა კიდევ 2-3 ჩხუბის გამართვას ვგეგმავდი და შემდეგ უნდა მეჩხუბა UFC-ში. ილია ჩემპიონი გახდა, UFC-ის ხელმძღვანელობასთან ისაუბრა და მათ გადაწყვიტეს, ჩემთვის კონტრაქტი შემოეთავაზებინათ.

არ ვფიქრობ, რომ ჩემი ოცნებები გვერდზე გადავდე, იმიტომ რომ ჩემი უმცროსი ძმა მსოფლიო ჩემპიონი გახდა - ეს ჩემი ოცნებაც იყო. თუ კიდევ გახდა საჭირო, ამას ისევ დაუფიქრებლად ვიზამ“.

შეგახსენებთ, რომ UFC 312-ზე ალექსანდრემ ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში სადებიუტო ბრძოლა გამართა და ავსტრალიელი კოლბი თიქნესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისევ დავანოკაუტებ - თოფურია ვოლკანოვსკისთან რემატჩზე
ისევ დავანოკაუტებ - თოფურია ვოლკანოვსკისთან რემატჩზე