შარშანდელი სენსაციის ავტორები - როგორ გრძელდება მათი ისტორია
ფეხბურთზე მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მისი საოცრად სანახაობრივი მხარის გარდა, იმ უბრალო მიზეზის გამო არის შეყვარებული, რომ ხშირ შემთხვევაში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა კანონზომიერებას არ ემორჩილება და ჰორიზონტზე გამოჩნდებიან ისეთი გუნდები ხოლმე, რომელთაგანაც უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას არავინ ელის, თუმცა მოლოდინის საპირისპიროდ ისინი მთელ სეზონს სტაბილურად მაღალ დონეზე ატარებენ და ისტორიაში შედიან. წელს ამის ნათელი დასტური „ნოტინგემ ფიორესტია“, რომელიც 24 ტურის შემდეგ ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების რეალური კანდიდატია. თუ რომელი კლუბები გამოირჩეოდნენ ამ მხრივ შარშანდელ სეზონში და რა მდგომარეობაში არიან წელს, ამის თაობაზე დეტალურად მოგიყვებით.
ბრესტი
ლიგა 1-ის ერთ-ერთმა ყველაზე მოკრძალებული ფინანსების კლუბმა გასულ სეზონში ნამდვილი ფურორი მოახდინა, მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ნიცაში დაბადებული ფრანგი სპეციალისტის, ერიკ როის ხელმძღვანელობით მოთამაშე ბრესტელებმა 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის მარტამდე 13-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხვეს, რაც ბევრ გრანდსაც შეშურდებოდა. წელს კი, გუნდი შარშანდელივით ვეღარ თამაშობს, რადგან რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დაემშვიდობა - ჟერემი ლე დუარონმა „პალერმოს“, ლილიან ბრასმა კი „მარსელს“ მიაშურა. მათ სანაცვლოდ აღებული ფულიდან „ბრესტმა“ ახალი მოთამაშეების დამატებაში მხოლოდ 12 მილიონი დახარჯა. შედეგიც სახეზეა - ლიგა 1-დან წლევანდელ სეზონში ევროტურნირის საგზურის მოპოვება პრაქტიკულად წარმოუდგენელია, თუმცა არსებობს ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ქვეყნის თასის მოგებაზე გადის, სადაც მეოთხედფინალშია გასული. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, 4 მოგებით თავისი მაქსიმუმი უკვე შეასრულა, რამდენიმე დღის წინ კი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ (0:3) დამარცხდა და დიდი ალბათობით ტურნირის მეთექვსმეტედფინალიდან დაემშვიდობება.
ბოლონია
გასული სეზონის ბოლოს იმდენი ფრე ითამაშა, რომ ბოლონიელებისგან ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას აღარავინ ელოდა. თუმცა, თებერვალ-მარტის პერიოდში გამართული 9 მატჩიდან რვაში გამარჯვებით იმხელა ფორა ჰქონდათ მოპოვებული, რომ საბოლოო წარმატებაში (მეხუთე ადგილი) საფინიშო ჩავარდნამაც ვერ შეუშალათ ხელი. გასულ ზაფხულს „ბოლონიას“ დანაკარგი საკმარისზე მეტი იყო - ჯოშუა ზირკზემ (მანჩესტერი), რიკარდო კალაფიორიმ (არსენალი) და ვიქტორ კრისტიანსენმა (ლესტერი) ინგლისის პრემიერ ლიგაში განაგრძეს კარიერა, ალექსის საელემაკერსი (რომა) და მარკო არნაუტოვიჩი (ინტერი) იტალიის სერია A-ში დარჩნენ. მთავარი დანაკლისი კი მთავარი მწვრთნელის ტიაგო მოტას „იუვენტუსში“ წასვლა იყო. წამყვანი ფიგურების გასხვისებით „როსობლუმ“ 102 მილიონი იშოვა, რომლის მხოლოდ ნახევარიც მოხმარდა გაძლიერებას. თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მეხუთე ადგილზე მოხვედრის შანსი მაინც არსებობს, რადგან „იუვენტუსს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება და გარდა ამისა, „ბოლონია“ კოპა იტალიის ნახევარფინალშია გასული. ერთადერთი შავი ლაქა ჩემპიონთა ლიგაში მოპოვებული მხოლოდ ერთი გამარჯვებაა, რის გამოც ჯგუფურ ფაზას ვერ გასცდა.
ჟირონა
2024 წლის თებერვალში „ჟირონას“ ლა ლიგაში 23 ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა განცდილი. მართალია სეზონის ფინიშზე მცირე ჩავარდნა დაეწყო, მაგრამ საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის საგზური მაინც მოიპოვა და რაც ყველაზე მთავარია, მისი რეგიონის სიამაყე „ბარსელონას“ სეზონში ორივე თამაში მოუგო. ჟირონელთა წლევანდელი ჩავარდნა სრულიად მოსალოდნელი იყო, რადგან კლუბის შარშანდელმა საუკეთესო ბომბარდირმა არტიომ დოვბიკმა „რომაში“ გადაწყვიტა გადასვლა. უკვე სხვა გუნდის წევრები არიან ასევე სავიო (მანჩესტერ სიტი), იან კოუტო (დორტმუნდი), ერიკ გარსია (ბარსელონა) და ალეშ გარსია (ლევერკუზენი). მათ ნაცვლად მისული მოთამაშეები კი სათანადოდ რომ ვერ ბრწყინავენ, ამას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ფაზაში გამართულ რვა ტურში „ჟირონას“ შვიდი მარცხი მეტყველებს.
ლევერკუზენი
შარშანდელი აღმოჩენებიდან „ლევერკუზენი“ ალბათ ერთადერთია, რომელიც ერთი წლის წინანდელ თამასას ასე თუ ისე ინარჩუნებს, თუმცა იმ დონეზე რაღა თქმა უნდა ვერ თამაშობს, როგორც წინა წელს მიაჩვია ერთგული ქომაგები. თავად განსაჯეთ, ჩაბი ალონსოს მომზადებულმა გუნდმა გერმანიის ბუნდესლიგა და ქვეყნის თასი დაუმარცხებლად მოიგო, ევროპა ლიგის ფინალამდეც წაუგებლად მივიდა და „ატალანტასთან“ (0:3) ფინალში განცდილ მარცხს „ფარმაცევტების“ ფენომენალური სვლისთვის პატარა ჩრდილიც კი არ მიუყენებია. რა ხდება ახლა? განგაშის საფუძველი მხოლოდ ბუნდესლიგაშია, სადაც „ბაიერნთან“ 21 ტურის შემდეგ 8-ქულიანი ჩამორჩენაა. სამაგიეროდ გუნდი ითამაშებს გერმანიის თასის ნახევარფინალში, სადაც მეტოქედ სწორედ „რეკორდმაისტერი“ ეყოლება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზა ისე ჩაატარა, რომ პირდაპირ მერვედფინალის საგზური მოიპოვა და ახლა მეტოქის მოლოდინშია.
შტუტგარტი
წარმოუდგენლად დიდია იმ წამყვანი ფეხბურთელების სია, რომლებმაც გასულ ზაფხულს „შტუტგარტი“ დატოვეს. ჰიროკი იტო „ბაიერნის“ ღირსებას იცავს, კონსტანტინოს მავროპანოსმა კარიერის „ვესტ ჰემში“ გაგრძელება გადაწყვიტა, ვალდემარ ანტონი და ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი სერუ გირასი კი „ბორუსიაში“ გამოდის და სულ ახლახანს ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში რობერტ ლევანდოვსკის გადაუსწრო. სწორედ გირასის გოლები დააკლდათ შვაბებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ინის საგზურის მოპოვებაში, რადგან მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ გამსვლელ ზონას. მის ნაცვლად 21 მილიონ ევროდ შეძენილ ერმედინ დემიროვიჩს კი ისეთი სიხშირით გოლები ნამდვილად ვეღარ გააქვს. მიუხედავად ამისა, „შტუტგარტს“ აქვს პოტენციალი რომ გერმანიის ბუნდესლიგაში ევროსაგზურისთვის იბრძოლოს, ევროტურნირზე წარუმატებლობისთვის კი განსაკუთრებულ საყვედურებს მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს არავინ ეტყვის.