„გუნდისთვის ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს“ - ფონსეკა მიქაუტაძეზე
„მონპელიესთან“ მატჩის წინ „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის გუნდის ქართველ ფორვარდზე, გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.
პაულო ფონსეკა:
„ვიცით, რომ რთული მატჩი გველის. ვნახე პირველი წრის შეხვედრა, სადაც ცოტათი გაგვიმართლა, იმიტომ რომ „მონპელიეს“ ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა, ჩვენ კი ბოლო წუთზე ავტოგოლით მოვიგეთ. „მონპელიემ“ „მონაკოს“ მოუგო, „ლილისა“ და „ნიცას“ წინააღმდეგ კი კარგ შედეგს მიაღწია. სიფრთხილე გვმართებს, მატჩს სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. ფეხბურთელები მოტივირებულები არიან, მე მათი მიდგომით კმაყოფილი ვარ.
მიქაუტაძემ თავისი ძალისხმევა სწორად უნდა გადაანაწილოს. ის გუნდისთვის ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს. მას ბურთთან უფრო ხშირი კონტაქტი სურს, მაგრამ გვინდა, განვუმარტოთ, რომ ძალები სწორად უნდა დახარჯოს, რათა მეტოქის კარის სიახლოვეს უფრო ეფექტური იყოს.
ტიაგო ალმადა ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ის ლიონისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცევა. სათამაშო სქემა ტიაგოს, რაიან ჩერკის, მალიკ ფოფანას, ერნესტ ნუამას და შემტევების გარშემო უნდა ავაგოთ. ამ მიმართულებით კვირის განმავლობაში ბევრი მუშაობა გვმართებს.
ლაკაზეტმა დღეს საერთო ჯგუფში ივარჯიშა. ვფიქრობ, ის მზადაა, შესაძლოა 90 წუთი ვერ ითამაშოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის გუნდთან ერთადაა“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 30 მატჩი ჩაატარა და თავი 9 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
აქვე გეტყვით, რომ „მონპელიესა“ და „ლიონის“ მატჩი 16 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.