ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

ილია თოფურიას სავარაუდო მეტოქე დეტალებში - საინტერესო ფაქტები ისლამ მახაჩევზე

შერეული ორთაბრძოლების არამარტო ქართველი მოყვარულები, არამედ მთელი მსოფლიო UFC-ში ერთი ორთაბრძოლის ჩანიშვნას მოუთმენლად ელოდება, რომლისგანაც ზუსტად ისეთივე აჟიოტაჟსა და რეზონანსს ელიან, როგორიც თავის დროზე კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის დაპირისპირებამ გამოიწვია.

საუბარია ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შეხვედრაზე. დაღესტნელმა მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამრის მოგების შემდეგ ტიტული 4-ჯერ დაიცვა და ყველა აღნიშნავს, რომ ერთადერთი, რომელსაც მისი შეჩერება შეუძლია, ქართველი „ელ მატადორი“, UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურიაა, რომელიც ზედა დივიზიონში ანაცვლებას გეგმავს.

ილიას ცხოვრების, კარიერის, განვლილი ურთულესი გზის, მისი განუსაზღვრელი შესაძლებლობისა და ნიჭის შესახებ ქართველმა გულშემატკივარმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მახაჩევზე კი ბევრი აქამდე არაფერი იყო ცნობილი, რის გამოც საინტერესო იქნება თუ თვალს გადავავლებთ მის განვლილ გზას და იმ ყველაფერს, რამაც ხელი შეუწყო მახაჩევის დივიზიონში გაჩემპიონებას.

საინტერესო ფაქტები ისლამ მახაჩევზე

სანამ სპორტსმენის კარიერას დაიწყებდა, დაცვის სამსახურში მუშაობდა. უფროსი თავდაპირველად ეუბნებოდა, რომ შეეძლო დღის განმავლობაში სპორტდარბაზში ორი საათით სავარჯიშოდ წასვლა, თუმცა შემდეგ ისევ უკან უნდა დაბრუნებულიყო. 24 საათი მუშაობდა - დილის 9-დან მომდევნო დღის 9-მდე, შუალედში ორი საათი კი ვარჯიშობდა. როდესაც ისლამმა მებრძოლის ამპლუაში წარმატებების მიღწევა დაიწყო, მას ხელმძღვანელმა უთხრა, რომ როდესაც შეკრებები და ტურნირები ექნებოდა, შეეძლო სამსახურში არ ევლო, ხელფასს კი ჩვეულებრივად უხდიდა, რის გამოც მას ამ დრომდე უზომოდ ემადლიერება.

როდესაც დედამისს ჰკითხეს, თუ რატომ დაარქვა შვილს ისლამი, ასე მიუგო: „ამით ჩვენს ოჯახში ისლამი კიდევ უფრო მეტად შემოვიდა“. მახაჩევს ჰყავს უფროსი ძმა ყურბანისმაილი, რომელმაც იმისათვის, რომ ძმის ფინანსურად უზრუნველყოფა მოეხერხებინა, სპორტს თავი დაანება და შემოსავლის გასაზრდელად მეორე სამსახური დაიწყო.

პირველი სპორტი, რომელზეც ისლამი ვარჯიშობდა, ტაეკვონდო იყო და მას ამ სახეობაში ევროპის პირველი ოთხგზის ჩემპიონი სეიფულ მაგომედოვი წვრთნიდა, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა. იმისათვის, რომ მას გამძლეობა მომატებოდა, მაგომედოვი მახაჩევს ეზოში და ასფალტზე ავარჯიშებდა.

ახალგაზრდა მახაჩევს უფროსებისთვის თვალებში შეხედვის ეშინოდა. Universal Fighters-ის მწვრთნელი რასულ მაგომედალიევი, რომელიც აბდულმანაპ ნურმაგომედოვის ასისტენტად მუშაობდა იხსენებს: „ისლამი ფიზიკურად სუსტი იყო, მაგრამ ძალიან უყვარდა მოსმენა, დისციპლინა და უზომოდ ლამაზი იყო. მახსოვს რამდენად დიდ პატივს სცემდა ის აბდულმანაპს და ახლაც ზუსტად ასეთივეა - მისნაირი ადამიანები იშვიათობაა, რომელთაც ჯილდოების მოგება არ ცვლით.

ხაბიბის მამასთან, აბდულმანაპ ნურმაგომედოვთან ერთად

მახაჩევმა ხაბიბი თურქულ კოლეჯში გაიცნო, სადაც უშუ-სანდას სექციაზე მივიდა, რომლითაც ტაეკვონდოს შემდეგ დაინტერესდა. ისლამი ხაბიბის ძმებს დაუახლოვდა და მათთან ერთად ფეხბურთს ხშირად თამაშობდა. მწვრთნელი მაგომედ მაგომედოვი იხსენებს: „ხაბიბს სულ სხვანაირი ცხოვრება ჰქონდა, ბევრი გარჩევებით, ისლამზე იგივეს ვერ ვიტყვი, რადგან ის ჩუმი, მშვიდი და კეთილია. ხაბიბს შეეძლო დაესაჯა ნებისმიერი, ვინც მას რამეს დაუშავებდა, ისლამი კი განსხვავებულია.

ხაბიბ ნურმაგომედოვთან ერთად

ერთხელ მახაჩევმა ნურმაგომედოვს ორი ნეკნი გაუტეხა, რასაც ხაბიბის მამა აბდულმანაპი ასე იხსენებდა: „დარბაზში მორიგი ბრძოლებისთვის ვემზადებოდით და მათი სპარინგის დროს, ისლამმა ხაბიბს შეუტია, ეს უკანასკნელი თავს პარტერში იცავდა. ნამდვილი ორთაბრძოლა გაჩაღდა და უცბად რაღაცის მსხვრევის ხმა გავიგე და როგორც შემდგომში გამოჩნდა, ისლამმა ჩემს შვილს სერიოზული ზიანი მიაყენა“.

მწვრთნელი ხავიერ მენდესი იხსენებს, რომ მახაჩევი ერთადერთია, რომელსაც სპარინგების დროს ხაბიბისთვის ერთი რაუნდი მაინც აქვს მოგებული.

მახაჩევი ხაბიბის მამის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის საყვარელი მოსწავლე იყო, რომელიც ისლამს შვილის ღირსეულ შემცვლელად მიიჩნევდა და იხსენებდა, რომ მასთან დარბაზში ვარჯიშის სურვილი 1000-მდე მოსწავლეს ჰქონდა, მაგრამ ის მხოლოდ მახაჩევს ეყრდნობოდა.

მახაჩევის სისუსტე მოტოციკლეტებია, რასაც აბდულამანაპ ნურმაგომედოვი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. პირველად ისლამი ამ ტრანსპორტით პანდემიის პერიოდში დაინტერესდა და როდესაც ხალხი სახლში იყო ჩაკეტილი, ის მეგობრებთან ერთად მთებსა და ტყეში მოტოებით დადიოდა. როგორც თავად იხსენებს, საკუთარ თავთან პირობა ჰქონდა დადებული, რომ მოტოციკლს გაყიდდა, თუ მისი მწვრთნელი საავადმყოფოდან ჯანმრთელი გამოვიდოდა, თუმცა როგორც იცით, უფროსი ნურმაგომედოვი კორონავირუსმა იმსხვერპლა. ახლა მის ფარეხში დგას Harley-Davidson-ი, რომლითაც იშვიათად გადაადგილდება, რადგან თვლის, რომ დაღესტანში მოტოციკლით სიარული უსაფრთხო არ არის, რამეთუ ავტომობილის მძღოლები ბაიკერებს არ ერიდებიან.

მახაჩევის მთავარი სისუსტე და ჰობი

ისლამი გატაცებულია ცხენებით და ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მეგობარმა აჩუქა: „ეს უკვე ჰობი აღარ არის. მყავს 5-6 ცხენი, რომელთაც შეჯიბრებაზე გასასვლელად ვამზადებ. ვიცი, ეს ძვირი სიამოვნებაა, რადგან ერთი ცხენის შენახვა თვეში 15 ათასი დოლარი მაინც ჯდება, მაგრამ უკვე ვაშენებ თავლას და ხარჯები შემიმცირდება“ - აცხადებს მახაჩევი.

მის კარიერაში ერთადერთი მარცხი 2015 წლით თარიღდება, როდესაც ადრიანო მარტინსმა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. შეგირდის მარცხის შემდეგ აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა ცრემლები ვერ დამალა, რადგან მისი რჩევები არ გაითვალისწინეს და სავალალო შედეგიც მიიღეს. უფროსი ნურმაგომედოვი თვლიდა, რომ ისლამს პარტერში უნდა ებრძოლა, მენდესმა კი რატომღაც დგომში ჩხუბი არჩია და საბოლოოდ შტაბმა ამ ვერსიას მიანიჭა უპირატესობა: „ნოკდაუნიც კი არ ვიცოდი რა იყო - ეს არასოდეს განმიცდია. ვარჯიშების დროს ძლიერი დარტყმები მიმიღია, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში არ ჩავვარდნილვარ. ეს იყო კარგი გაკვეთილი, საიდანაც შესაბამისი დასკვნები გავაკეთე“ - იხსენებს მახაჩევი.

UFC-ში დებიუტამდე ერთი წლით ადრე, მახაჩევმა გულზე ოპერაცია გაიკეთა. საბრძოლო სამბოში რუსეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, იაპონიაში გასამართი მსოფლიო პირველობისთვის როდესაც ემზადებოდა, სამედიცინო გამოკვლევამ გულთან დაკავშირებული პრობლემები აღმოუჩინა, რის შემდეგაც მოსკოვში ოპერაციის გასაკეთებლად ისე გაემგზავრა, რომ ოჯახის წევრებისთვის არაფერი უთქვამს: „მაშინ ძალიან კარგი ექიმი შემხვდა, რომელმაც მითხრა, რომ თუ მსურდა დიდი კარიერა გამეკეთებინა, პატარა ოპერაციას უნდა დავთანხმებოდი. გულისცემა ჩვეულებრივი მქონდა, უბრალოდ კაუტერიზაცია გახდა საჭირო, რაც როგორც მედიკოსებმა მითხრეს, არანორმალური უჯრედების განადგურებას ნიშნავს.

ძალიან უყვარს თევზაობა, პური და შაქარი რაციონიდან ამოღებული აქვს და კვირაში რამდენიმე დღე ხორცის ჭამაზეც უარს ამბობს.

მახაჩევი თევზაობის დროს

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დარბაზში სპარინგებს მძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლ სერგეი პავლოვიჩთან ატარებდა, რომელიც მასზე 20-30 კილოგრამით მძიმეა: „პარტერში ვმუშაობდი, მას საოცარი ძალა აქვს. ერთ-ერთი ასეთი ვარჯიშის დროს, კისერი სერიოზულად დავიზიანე. სერგეის ბრძოლებს სულ ვუყურებ და დამიჯერეთ, მისი დარტყმა ვინმეს თუ მოხვდა, ის აუცილებლად დაეცემა“ - იხსენებს მახაჩევი.

ძალიან უყვარს ფეხბურთი და ხაბიბთან გამუდმებით კამათობს იმის თაობაზე, თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.

მახაჩევის საყვარელი მებრძოლი ფრენკი ედგარია, რომელიც მისი აზრით ყოველთვის პატარა იყო და თავისზე დიდ მებრძოლებს მუდამ უდიდეს პრობლემებს უქმნიდა.

ის პირველი მებრძოლია UFC-ის ისტორიაში, რომელსაც მეტოქე ხუთ სხვადასხვა რაუნდში ჰყავს საბმიშენით დამარცხებული.

თავად ისლამი თვლის, რომ მის კარიერაში ყველაზე რთული ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან პირველი დაპირისპირება იყო, რომელიც ხუთ რაუნდს გაგრძელდა და არბიტრების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

ბოლო მონაცემებით, მსუბუქ წონით დივიზიონში აქცენტირებული დარტყმების რაოდენობით, ისლამ მახაჩევს ყველა დროის საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლი აქვს - 60,3 %.

როდესაც ისლამ მახაჩევთან მეორე ბრძოლის გასამართად სახლიდან გადიოდა, ალექსანდრ ვოლკანოვსკის მცირეწლოვანმა ქალიშვილმა არიანამ უთხრა, რომ მას სახლში მარტო დარჩენის ეშინოდა, რადგან იყო საფრთხე ყაჩაღები შევარდნილიყვნენ. ამ ყველაფერს ვოლკიმ შვილს მიუგო, რომ სულ მალე კარს რომ გააღებდა და მის სახეს დაინახავდა. ამაზე პატარა არიანამ ასე უპასუხა: „კარს რომ გავაღებ და ისლამ მახაჩევი დამხვდეს შენს მაგივრად?“ როდესაც ეს ისტორია ვოლკანოვსკიმ მოწინააღმდეგეს მოუყვა, ისლამმა ბრძოლის მეორე დღეს, პატარა არიანას საჩუქრად ტკბილეული და თოჯინები გაუგზავნა.

ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შემდეგ

ისლამი სასტიკი წინააღმდეგია, რომ ბავშვები მობილური ტელეფონით სარგელობდნენ, რის გამოც ჯერჯერობით არც თავის გოგონასთვის უყიდია სმარტფონი: „ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვილს მობილურს არასოდეს ვუყიდი. უბრალოდ ახლა არ სჭირდება, რადგან ჯერ სკოლაში სწავლობს და აჯობებს თუ მთელ ყურადღებას სწავლაზე გადაიტანს“ - აცხადებს მახაჩევი.

ჩემპიონად გახდომისა და ქამრის რამდენჯერმე დაცვის მიუხედავად, არ ავიწყდება საიდან მოდის: „მამაჩემს სათბურები აქვს, სადაც პომიდორი მოჰყავს. დადის, აკონტროლებს, ხალხს ხელფასს აძლევს და ზრუნავს მათ ყოველდღიურ კეთილდღეობაზე. თითქმის სულ იქ არის და ხანდახან მეც მივყვები ხოლმე“ - აცხადებს ისლამი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„არ ვაპირებ, შანსი ეგრევე მივცე“ - მახაჩევმა თოფურიაზე ილაპარაკა
„არ ვაპირებ, შანსი ეგრევე მივცე“ - მახაჩევმა თოფურიაზე ილაპარაკა