მოსკოვის დინამო ლუკა გაგნიძეს კრილიაში გაანათხოვრებს
რუსული Sport Express-ის ცნობით, მოსკოვის „დინამოს’’ ქართველი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე სეზონის ბოლომდე იჯარით „კრილია სოვეტოვში’’ ითამაშებს. საიჯარო ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებას არ მოიცავს, მშრალი იჯარაა.
CrystalSport-ის ცნობით, მოსკოვის „დინამოში'' დარჩენის შემთხვევაში ლუკას სათამაშო დროის მოპოვებისთვის ბრძოლა მოუწევდა, რაც ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის წინ საუკეთესო ვარიანტი არაა. „კრილია სოვეტოვის’’ მთავარი მწვრთნელი, იგორ ოსინკინი გაგნიძის დამატებით დაინტერესებულია. დიდი ალბათობით, ლუკას „კრილია სოვეტოვში’’ რეგულარული სათამაშო დრო ექნება.
ფეხბურთელს სურს, რომ ევროპის ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე კარგი თამაში მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის იმისთვის, რომ ლუკამ კარიერა ევროპაში გააგრძელოს.
მიმდინარე სეზონში ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოში'' იშვიათად თამაშობს, რუსეთის ჩემპიონატის მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა. რუსეთის თასზე რეგულარულად სასტარტოშია, შვიდ მატჩში მის აქტივში გოლი და საგოლე პასია.
გასულ წელს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა, გადამწყვეტ შეხვედრაში გაგნიძემ ხორვატიას ბრწყინვალე გოლი გაუტანა.