17 წლის ქართველი ისრაელში | ვინ არის ნიკოლოზ კახელიშვილი
ებრაულ „მაქაბი ნეთანიას’’ 19-წლამდე გუნდში 17 წლის ქართველი ფეხბურთელი ნიკოლოზ კახელიშვილი თამაშობს. ისრაელში წასვლამდე „ვიტ-ჯორჯიას’’ ასაკობრივი გუნდების მოთამაშე იყო, ზაზა დიდებაშვილთან ვარჯიშობდა.
„ჩემთვის ზაზა მამასავით იყო, ახლაც გვაქვს კონტაქტი, ხშირად ვეხმიანები’’ - აღნიშნავს ფეხბურთელი CrystalSport-თან ინტერვიუში.
ამპლუით ცენტრალურ ნახევარმცველს (8 ნომერი), რომლის სიმაღლე 1,82 მეტრია, ორი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, საქართველოსი და ისრაელის. ასევე, მას შეუძლია საყრდენზე და ათიანზე თამაში.
„2 წელი ხდება, რაც ისრაელში ვარ. „მაქაბი ფეთაჰ თიკვაში’’ 2-3 თვე ვვარჯიშობდი, შემდეგ „მაქაბი შააღიმში’’ გადავედი, სადაც 9 თვე გავატარე, გუნდის ლიდერი ვიყავი. როცა საქართველოდან აქ ჩამოვედი, განსხვავებული ტემპი დამხვდა, თამაშები გაცილებით მაღალ ტემპში მიდიოდა. ბიჭები ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადებულნი არიან, ბევრს დარბიან. მე ბურთთან ერთად, ტექნიკური თამაში მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ რომ ფიზმომზადების მხრივ პროგრესი მაქვს.
„მაქაბი ნეთანიაში’’ გადასვლისას სინჯები გავიარე, ვივარჯიშე და ჩემი დარჩენა გადაწყდა. შემდეგ პირველ გუნდთან ერთად მავარჯიშეს. მთავარმა მწვრთნელმა იოსი აბუქასისმა მითხრა, რომ ძალიან კარგი ბიჭი ხარო, კიდევ დაგიბარებ პირველი გუნდის ვარჯიშებზეო. სავარაუდოდ, პირველ გუნდში თვეში სამჯერ ვივარჯიშებ. კლუბთან კონტრაქტი მაისამდე მაქვს. თუ მაისში გუნდს სურვილი ექნება, დავრჩები. თუ სურვილი არ ექნება, წასვლაში ხელს არ შემიშლიან, კომპენსაციას არ მოითხოვენ. აქ ძალიან კარგი გარემოა, როგორც 19-წლამდე გუნდში, ასევე - პირველ გუნდში. ერთი ოჯახივით ვართ.
ინგლისურად ვსაუბრობ. იმ დონეზე ვიცი, რომ ყველაფერი გავაგებინო. ასევე, ივრითულს ვსწავლობ. შემდეგ წელს უკვე ისე ვისაუბრებ როგორც ქართულად ვსაუბრობ''.
ნაკრებში თამაშის ოცნება
„ისრაელში წამოსვლამდე საუბარი იყო, რომ საქართველოს 15-წლამდე ნაკრებში უნდა ვყოფილიყავი. ასეთ რაღაცებზე გული არ მწყდება, რომ ის ათამაშეს, მე არ მათამაშეს. რაღაც დავაკელი და უნდა გამოვასწორო. ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა, მაგრამ მე ასე ვუყურებ: თუ იშრომებ, ყველაფერი თავისით მოვა, ოცნებას რეალობად გადააქცევ. მე ორიენტირებული ვარ ვარჯიშზე, თამაშზე, კვებაზე, ძილზე, დისციპლინაზე. თუ დავიმსახურებ გამომიძახებენ. მე ასე ვთვლი. სირთულეები კარგია, გეხმარება რომ პროგრესი აჩვენო და უფრო მაღალ სიმაღლეზე ახვიდე’’.
ფოტოზე: ნიკოლოზ კახელიშვილი და „მაქაბი ნეთანიას'' მთავარი მწვრთნელი იოსი აბუქასისი