ბუდუ გოჩოლეიშვილის წინააღმდეგ - ქართველების დუელი ზივზივაძემ მოიგო
უეფას კონფერენს ლიგის პლეი-ინში ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელების გუნდები დაუპირისპირდნენ. პლე-ინის პირველ მატჩში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
ქართველი ფეხბურთელები სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილან და შეხვედრაში მეორე ტაიმში, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთნენ. მოედანზე 61-ე წუთზე პირველად ჯერ ბუდუ ზივზივაძე გამოჩნდა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი თამაშში 78-ე წუთიდან ჩაერთო. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონიათ. გიორგი გოჩოლეიშვილის სტატისტიკაში მხოლოდ ერთი - ყვითელი ბარათი ჩაიწერა, რომელიც ქართველმა მცველმა 83-ე წუთზე, თამაშის წესების დარღვევის გამო მიიღო.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს „კოპენჰაგენმა“ ლარსონის გოლით გახსნა, 59-ე წუთზე კი „ჰაიდენჰაიმმა“ წონასწორობა ტრაორეს გოლით აღადგინა. გამარჯვების გოლი კი 85-ე წუთზე, ზიერზლებენმა გაიტანა.
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ამჯერად ჰაიდენჰაიმში, 20 თებერვალს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.