„სპორტინგთან ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, მაგრამ...“ - ლევანტეში ქოჩორაშვილის ტრანსფერზე ისაუბრეს
„ლევანტეს“ სპორტულმა დირექტორმა, ფელიპე მინაბრესმა Ser Deportivos Valencia-სთან ინტერვიუში გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის „სპორტინგში“ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და დაასახელა თანხა, რომლის გადახდაც პორტუგალიურ კლუბს ქართველი ნახევარმცველის ყიდვის შემთხვევაში მოუწევს.
რას ამბობს მინაბრესი:
„ქოჩორაშვილის 5.5 მილიონ ევროდ გაყიდვა იმ პარამეტრების შესაბამისია, რასაც „ლევანტე“ ითხოვს, მაგრამ „სპორტინგთან“ ჯერ არაფერია შეთანხმებული, ამიტომ ვერაფერს დაგიდასტურებთ. თუ კონტრაქტი იარსებებდა, შესაბამისად გაფორმებულიც იქნებოდა. გასულ წელს, ვფიქრობდით, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შესაძლოა გაგვეყიდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ეს ყველასთვის გასაკვირია. ჩვენ ჩვენი წინადადება წარვადგინეთ და კარგად გვესმოდა, რომ ეს პირობები არ შეესაბამებოდა იმ მოლოდინებს, რასაც ქოჩორაშვილი თამაშიდან მოგვცემდა. რამდენიმე ხნის წინ მის აგენტს განახლებული წინადადება შევთავაზეთ, რათა პირობები გაგვეუმჯობესებინა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ზოგადად, ყოველთვის ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სამართლიანები ვიყოთ და იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ხელფასთან შედარებით უფრო მაღალი დონის თამაშებს აჩვენებენ, სამართლიანი პირობები შევუქმნათ“.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში გიორგი ქოჩორაშვილის სახელს აქტიურად უკავშირებენ ლისაბონის „სპორტინგს“. ევროპულ მედიაში იწერება, რომ პორტუგალიური კლუბი ქართველი ნახევარმცველის შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული და დიდი შანსია, მომავალი სეზონიდან ქოჩორაშვილი სწორედ პორტუგალიის ჩემპიონატში ვიხილოთ.