„ეს წარმატება უდიდესი გზის ლამაზი დასაწყისია“ - ინგა გურგენიძე
15 წლის მოციგურავემ, ინგა გურგენიძემ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვების შემდეგ შეჯიბრში თავისი გამოსვლა შეაფასა და ჟურნალისტებს ემოციები გაუზიარა.
რა თქვა გურგენიძემ:
„ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გავხდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასჯერ უფრო კარგად გამოსვლა შემიძლია. რაც შეეხება დასაწყისში დაშვებულ ხარვეზს, როგორც ჩვენ სახეობაში, ასევე მთლიანად სპორტში არსებობს როგორც დაცემა, ასევე წამოდგომა. კარიერაში დიდ მიზნებს ვისახავ და ეს წარმატება იმ უდიდესი გზის ლამაზი დასაწყისია, რომელიც უნდა გავიარო“.
15 წლის მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ინგა გურგენიძეს პროგრამაში მხოლოდ პირველი ბრუნი გაუფუჭდა, შემდეგ კი ყველაფერი უნაკლოდ შეასრულა და მონაწილეებს შორის საუკეთსო შედეგი აჩვენა. მსაჯების მიერ გურგენიძის გამოსვლა 128.97 ქულით შეფასდა და საგულისხმოა, რომ ეს 15 წლის მოციგურავის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ქართველმა მოციგურავემ გუშინ, მოკლე პროგრამაში 58.84 ქულა აიღო და ამ კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა, დღეს კი 128.97 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენა. ორი კატეგორიის ჯამში კი 187.81 ქულა დააფიქსირა.