სამი მედალი ევროპის ჩემპიონატზე - ტყვიის მსროლელების წარმატება
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ქართველი ტყვიის მსროლელებისთვის წარმატებული გამოდგა. კონტინენტის პირველობა ჩვენი ქვეყნის დელეგაციამ სამი მედლით დაასრულა, რაც ნაკრების წევრების არსებული მწირი საერთაშორისო გამოცდილებიდან და მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, მართლაც უდიდესი მიღწევა გახლდათ.
10 მეტრის დისტანციიდან პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში შერეულ შეჯიბრებაში ელენე წიკლაურისა და სანდრო ხოსიტაშვილის წყვილმა რამდენიმე მეტოქის დამაჯერებლად ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში გააღწია, სადაც პოლონელებთან 7:13 დამარცხდა და ბრინჯაოს პრიზიორობას დასჯერდა. ხოსიტაშვილმა საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი 16-წლამდელების ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მოუტანა, სადაც ვერცხლის პრიზიორი გახდა.
გუნდურ შეჯიბრებაში კი საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც სანდრო ხოსიტაშვილის გარდა, რევაზ ლილუაშვილი და ლუკა კობახიძე იცავდნენ, მესამე ადგილი დაიკავა. გუნდური მედალი მათ ინდივიდუალური ქულათა ჯამის მიხედვით მიიღეს.