ყვითელი ბარათი ძმის დაბადების დღეზე | პაკეტას საქმის ახალი დეტალები
ბრაზილიაში ლუკას პაკეტას მიერ მიღებული ყვითელი ბარათების საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ბრაზილიის პროკურატურის მტკიცებით, „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელმა შუამავალ ბრუნო ლოპესს აცნობა, რომ 12 მარტს თავის ძმას, მატეუს პაკეტას „დაბადების დღის საჩუქარს გაუკეთებს“ და პრემიერლიგის მატჩში ყვითელ ბარათს მიიღებს. საგამოძიებო ორგანოების ცნობით, მატეუსი თავისი ძმის მიერ ყვითელი ბარათის მიღებაზე ფსონს განათავსებდა და დიდ თანხას მოიგებდა.
პაკეტამ „ასტონ ვილასთან“ მატჩში ყვითელი ბარათი ნამდვილად მიიღო - 70-ე წუთზე ჯონ მაკგინის წინააღმდეგ უხეშობისთვის. გამოძიებამ დაადგინა, რომ სწორედ ამ დღეს მატეუს პაკეტა 28 წლის გახდა.
ბრაზილიური გამოცემა O Globo-ს ინფორმაციით, პაკეტას მძიმე სასჯელი ემუქრება - ფეხბურთელს შესაძლოა სამუდამო დისკვალიფიკაცია გამოუტანონ.
გასული წლის ოქტომბერში ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ (FA) პაკეტას მოედანზე განზრახ ჩადენილი ქმედებების ოთხ ეპიზოდში დაადანაშაულა.
არსებული ინფორმაციით, 60-მდე ადამიანმა ბრაზილიაში სხვადასხვა ოდენობის თანხა დადო იმ ფსონზე, რომ აღნიშნულ მატჩებში პაკეტა ყვითელ ბარათებს მიიღებდა, მათ მიერ მოგებულმა თანხამ კი 100 000 გირვანქა სტერლინგი შეადგინა.