მამარდაშვილის ხარჯზე - ვალენსია ლა ლიგის ტოპ-სამეულშია
წლევანდელი სეზონი „ვალენსიას“ არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდია და კლუბი ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არსებობს კომპონენტი, რომლის მიხედვითაც „ღამურები“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის სამეულში იმყოფებიან, რაც უპირველეს ყოვლისა ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამსახურებაა.
ერთ-ერთ ესპანურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ესპანეთის საფეხბურთო კლუბების რეიტინგი ძვირადღირებული შემადგენლობების მიხედვით, სადაც „ვალენსია“ მხოლოდ „რეალსა“ და „ბარსელონას“ ჩამორჩა - ეს კი რა თქმა უნდა მამარდაშვილის ფაქტორით აიხსნება, რომელიც ცნობილი სამენეჯერო კომპანია Transfermarkt-ის მონაცემებით, 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული. გიორგისთან შედარებით, მისი თანაგუნდელების, კრისტიან მოსკერას (30 მლნ), ხავი გერას (20 მლნ), ენცო ბარენეჩეას (7,5 მლნ), ტიერი კორეას (5 მლნ), ხესუს ვასკესისა (4 მლნ) და მუკტარ დიახაბის (2 მლნ) სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად ჩამოუვარდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო უფლებები „ლივერპულს“ ეკუთვნის და 24 წლის ქართველი მეკარე მერსისაიდულ გრანდს ივლისში შეუერთდება. „ღამურების“ რიგებში კი მამარდამ მიმდინარე სეზონში საკუთარი კარის მშრალად შენახვა 5-ჯერ მოახერხა.