მხოლოდ ამაში ცდებოდა - ლევანდოვსკი ჩავის წარუმატებლობაზე
რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონაში“ მიყვანის მთავარი ინიციატორი კატალონიური კლუბის მაშინდელი დამრიგებელი ჩავი ერნანდესი იყო, რომელიც მშობლიური გუნდიდან წასვლის შემდეგ, ჯერჯერობით უმუშევარია. რატომ ვერ შეძლო „ბლაუგრანას“ ლეგენდამ კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე დაგვირგვინება და დამრიგებლის პოზიციიდანაც გუნდისთვის ისეთივე სარგებელის მოტანა, როგორც ეს ფეხბურთელის ამპლუაში მოახერხა, ამასთან დაკავშირებით პოლონელ ფორვარდს საინტერესო მოსაზრება გააჩნია.
რას ამბობს ლევანდოვსკი
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც იგივე აზრზე ვარ, რომ ჩავი უმაღლესი დონის მწვრთნელია. უბრალოდ თითოეულ სპეციალისტს ფეხბურთსა და ტაქტიკაზე თავისებური წარმოდგენა აქვს და შესაძლოა, ხანდახან არაფერი გამოუვიდეს.
მე ასე ვიტყოდი - მისი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ კლუბის ირგვლივ არსებულ გარემოსა და მედიას საკმარისზე მეტად მიჯაჭვული გახლდათ. ვფიქრობ, ხანდახან როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე მწვრთნელისთვის სასარგებლოა, რომ მათ ზედმეტი ყურადღება არ მიაქციო, რადგან პრესის წარმომადგენლები ზოგჯერ ისეთ რაღაცეებს წერენ, რომ ნორმალური ადამიანი კონტროლს ვერ შეინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, მათგან პირადად მე დისტანცია მიჭირავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს ცივსისხლიანად ვერ მივუდგები.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში ლევანდოვსკის ანგარიშზე ყველა ტურნირზე გამართულ 33 შეხვედრაში 31 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. 36 წლის პოლონელი ფორვარდი როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე ესპანეთის ლა ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.