გაგვაგებინოს, რა უნდა ამ სპორტისგან - სტრიკლენდი მწვრთნელმა გააკრიტიკა
საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრაში დრიკუს დუ პლესისთან მარცხმა შონ სტრიკლენდის პოზიციები საგრძნობლად შეასუსტა. 33 წლის ამერიკელი მებრძოლი UFC 312-ის მეინ რაუნდის მთავარ ბრძოლაში სამხრეთ აფრიკელ მეტოქესთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, რის შემდეგაც არამხოლოდ ჰეითერები, არამედ უკვე საკუთარი გუნდის წევრებიც აკრიტიკებენ. ამის დასტურია მისი ერთ-ერთი მწვრთნელის ერიკ ნიქსიკის კომენტარი, რომელმაც ირიბად მიანიშნა, რომ სტრიკლენდთან თანამშრომლობის შეწყვეტას გეგმავს:
„ამ სპორტში ბევრია ისეთი მებრძოლი, რომელიც საკუთარი პოტენციალის რეალიზებაზე არ ფიქრობს. ვფიქრობ, რომ საჩემპიონო ქამარზე ჩხუბი საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ დღე და ღამე დარბაზში გაატარო და დივანზე წამოწოლილი არ იყო.
დუ პლესისთან დაპირისპირება ჩვენი ერთი დიდი ჩავარდნა იყო, რომელშიც ბრალი ყველას მიგვიძღვის - მე, შონს და დანარჩენ მწვრთნელებსაც. სტრიკლენდს კი ვურჩევდი, დაფიქრდეს და გაგვაგებინოს, რა სურს ამ სპორტისგან რომ მიიღოს. თუ მისთვის ეს მხოლოდ სამსახურია, მაშინ გვითხრას და სხვა გზას მოვძებნით. პირადად ჩემი მიზანია მსოფლიოს ჩემპიონები მოვამზადო და სხვა მოტივაცია არ მამოძრავებს.
სტრიკლენდთან დაკავშირებით კომენტარი დემეტრიუს ჯონსონმაც გააკეთა, რომელმაც შონს ურჩია, რომ კრივის გარდა, შერეული ორთაბრძოლების სხვა კომპონენტებზეც იმუშაოს, რადგან მოსაწყენია, როდესაც ხუთრაუნდიან ბრძოლაში ის უიმედოდ მარცხდება და მეტოქის პარტერში გადაყვანა თავში აზრადაც არ მოსდის.