ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბოლო წუთების მეფე - ბელინგემის გადამწყვეტი გოლები

სამშაბათს, „მანჩესტერ სიტისთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი ინის პირველი რაუნდის შეხვედრაში ჯუდ ბელინგემმა არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ინგლისელებს უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა და მადრიდის „რეალს“ საპასუხო მატჩის წინ საკმაოდ სერიოზული უპირატესობა მოუტანა. ახალგაზრდა ინგლისელი ნახევარმცველი უკვე ორი სეზონია „ბლანკოსის“ ღირსებას იცავს და დამატებულ დროში ეს მისთვის რიგით მეექვსე გადამწყვეტი დარტყმა იყო და ბუნებრივია, თითოეული მათგანი ერთიმეორეზე მნიშვნელოვანი გახლდათ.

ამ მხრივ ბელინგემს მართლაც უნიკალური თვისებები გააჩნია, რადგან ოცდამეერთე საუკუნეში სამეფო კლუბის მიერ არბიტრის კომპენსირებულ დროში გატანილი 28 გამარჯვების გოლიდან, თითქმის მეოთხედი, ანუ 6 ბურთი სწორედ მასზე მოდის. კრიშტიანუ რონალდუს, კარიმ ბენზემას, ზინედინ ზიდანისა და გონსალო იგუაინის ანგარიშზე ორი-ორი გოლია, რომელმაც კლუბს სამი ქულა მოუტანა, თითო შემთხვევა კი სხვადასხვა ფეხბურთელებზე და ავტოგოლებზეა გადანაწილებული.

ბუნებრივია, ბელინგემს მადრიდში გადაბარგებამდეც ჰქონდა ბოლომდე ბრძოლის თვისებები გამჯდარი და „ბირმინგემსა“ და „დორტმუნდში“ ასპარეზობისას, „ლურჯებსა“ და „ყვითლებს“ დამატებით დროში გამარჯვება ხუთჯერ მოუტანა, ამ ხუთი გოლიდან კი მეტადრე ინგლისის ჩემპიონშიპში „სტოკ სიტისა“ და „ჩარლტონ ატლეტიკის“ დამწუხრებას გამოარჩევენ. რაც შეეხება მის მადრიდულ კარიერას, ბუნებრივია განსაკუთრებით ფასეული ჯუდის მიერ „ელ კლასიკოებში“ თავის გამოჩენაა, როდესაც მან „ბარსელონასთან“ „ბლანკოსს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ორჯერ გაუნაღდა. უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი სეზონი ბელინგემისთვის კარგად ნამდვილად არ დაწყებულა, მაგრამ დეკემბრიდან სათანადო ფორმა აკრიფა, ცხრა გოლი მიითვალა და აქედან ექვსს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

ცნობისათვის, „მანჩესტერ სიტისგან“ თამაშის სადავეების ბოლო წუთებში ხელიდან გაშვება არავის გაჰკვირვებია და ეს ყველაფერი წლევანდელ სეზონში პეპ გუარდიოლას მომზადებული გუნდის აქილევსის ქუსლად ითვლება. წელს ყველა ტურნირზე გაშვებული 52 ბურთიდან, „ქალაქელებმა“ 37 თამაშების ბოლო 10 წუთში მიიღეს, რითაც მათ პრემიერ ლიგის აუტსაიდერ „საუთჰემპტონზეც“ (33) კი უარესი შედეგი აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “ჯერ არაფერი გადაწყვეტილა“
ანჩელოტი: “ჯერ არაფერი გადაწყვეტილა“