„ვინისიუსი პარიზში? ენრიკეს კვარა და ბარკოლა ჰყავს“ - ფრანგი ჟურნალისტი
გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ჟურნალისტმა, ლორან პერინმა „პარი სენ-ჟერმენზე“ ისაუბრა. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პერინმა ყურადღება გაამახვილა, ხვიჩა კვარაცხელიას როლი და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების პერსპექტივები იყო.
„ამ დროისთვის კვარას ძირითადში ადგილი გარანტირებული არ აქვს, ის ახალ სტილსა და კომბინაციებს უნდა მოერგოს. ეს მარტივი პროცესი არაა და ერთ დღეში ვერ მოხდება. ამიტომ ამ დროისთვის პსჟ უფრო ეფექტურია, როდესაც შეტევაში დუე, დემბელე და ბარკოლა თამაშობენ, თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სეზონის დასკვნით ეტაპზეც ძირითადში ეს სამეული იქნება“.
გარდა ამისა, პერინს ასევე ჰკითხეს, ხომ არ უნდა იაქტიუროს პსჟ-მ ვინისიუს ჟუნიორის გადაბირების საკითხში, რომელიც „რეალთან“ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ მხარეები ჯერ შეთანხმებას ვერ აღწევენ.
„ვინისიუსი პარი სენ-ჟერმენში? ის მარცხენა ფლანგზე თამაშობს, სადაც ენრიკეს კვარა და ბარკოლა ჰყავს, ამიტომ ვინისიუსი პსჟ-ს არ სჭირდება. პრობლემას წარმოადგენს მისი იმიჯი და ფასი.
პარიზელები აღარ გადაუხდიან ვინმეს ასტრონომიულ ანაზღაურებას, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. ვინისიუსი წელიწადში 25 მილიონ ევროს იღებს და პსჟ არ მოისურვებს სახელფასო უწყისის ასე დატვირთვას, მაშინ როდესაც ეს პრობლემა დიდი შრომის შედეგად მოგვარდა.
რაც შეეხება ვინისიუსის იმიჯს, ასეთი ხასიათის ფეხბურთელის დამატება პარიზელების ინტერესებში არ შედის“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს „ნაპოლიდან“ იანვარში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ახალი გუნდის მაისურით მას 5 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.