სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

სპურსის მარცხი სელტიქსთან - მამუკელაშვილს არ უთამაშია

„სან ანტონიოს“ ბოლოდროინდელი არასტაბილური ასპარეზობის მიუხედავად, კლუბის სამწვრთნელო შტაბი ჯიუტად სეზონის წინ შერჩეულ კადრებს ენდობა და იმ კალათბურთელებს, რომლებიც შანსის მიცემის შემთხვევაში, ბოძებულ დროს ნაყოფიერად იყენებენ, საერთოდ არ ეყრდნობა. ასეთი მიდგომის მსხვერპლია სანდრო მამუკელაშვილიც, რომელიც შეხვედრაში ამჯერადაც არ ჩაერთო, მისი „სპურსი“ კი სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „ბოსტონთან“ 13-ქულიანი სხვაობით, 103:116 დამარცხდა.

გამარჯვებული „სელტიქსის“ რიგებში განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება ორმა კალათბურთელმა, ჯეისონ ტეიტუმმა და კრისტაპს პორზინგისმა დატოვეს - პირველმა მათგანმა 32 ქულასთან ერთად, 14 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, რითაც ორმაგი დუბლის ავტორი გახდა, ხოლო ბოსტონელთა ლატვიელმა ლეგიონერმა 29 ქულა, 6 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა. რაც შეეხება „სპურსს“, ტეხასელების ფრანგი ლიდერი ვიქტორ ვემბანიამა (17 ქულა, 13 მოხსნა) ორმაგი დუბლით კი გამოირჩა, თუმცა შედეგიანობის თვალსაზრისით მას ორმა თანაგუნდელმა, სტეფონ კასტლმა (20 ქულა) და დე’არონ ფოქსმა (23 ქულა) აჯობა.

52 თამაშის შემდეგ დასავლეთ კონფერენციის მეთორმეტე ადგილზე მყოფი „სან ანტონიოს“ ანგარიშზე 23 მოგება და 29 მარცხია. რაც შეეხება „ბოსტონს“, „სელტიქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე პოზიციას იკავებს და მხოლოდ „კლივლენდ კავალიერსს“ ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 14 ქულა - ვირტუს ბოლონია იტალიის თასს დაემშვიდობა
შენგელიას 14 ქულა - ვირტუს ბოლონია იტალიის თასს დაემშვიდობა