დე ბრუინით უკმაყოფილოა - გუარდიოლამ მისი შემცვლელი შეარჩია
ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალთან დამარცხების შემდეგ, სპორტული მედია უკვე მანჩესტერ სიტის სატრანსფერო გეგმებზე წერს.
ავტორიტეტული გამოცემა Sport Bild იუწყება, რომ პეპ გუარდიოლა კევინ დე ბრუინის თამაშით უკმაყოფილოა და მისი შემცვლელი სჭირდება.
წყაროს ცნობით, ესპანელ სპეციალისტს ბელგიელი ნახევარმცველის საუკეთესო შემცვლელად ფლორიან ვირცი მიაჩნია, რომელსაც ლევერკუზენის ბაიერთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
ამის პარალელურად, გერმანული გუნდი ხელშეკრულების განახლებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით ამ საკითხზე წინსვლა არ არსებობს.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვირცის გადაბირება მადრიდის რეალსაც სურს. მეტიც, ესპანური მედია მადრიდულ გრანდს აქტიურად უკავშირებს ჩაბი ალონსოს. მისი დანიშვნის შემთხვევაში კი ფლორიანის ტრანსფერი უფრო მარტივი გახდება.
21 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით, 140 მილიონ ევროს შეადგენს, რაც, რა თქმა უნდა, მანჩესტერ სიტისთვის პრობლემას არ წარმოდგენს. ამ მხრივ კი რეალმა ბოლო წლებში მიდგომა შეცვალა და დიდ თანხებს აღარ ხარჯავს. ფლორენტინო პერესი კონკრეტული ფეხბურთელის კონტრაქტის ვადის ამოწურვას ელოდება და შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით ცდილობს მის წაყვანას.
ასე მოხდა კილიან მბაპეს შემთხვევაშიც და რეალის შემდეგი სამიზნე ტრენტ ალექსანდრ არნოლდია, რომელსაც ლივერპულთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში რეალთან 2:3 დამარცხდა. განმეორებითი დაპირისპირება 19 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.