„ლივერპული იმედოვნებს, რომ შეთანხმება იქნება“ - რომანო სალაჰზე
„ლივერპულში“ მოჰამედ სალაჰის მომავალი ჯერჯერობით ისევ ბუნდოვანია. ამის შესახებ ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს.
როგორც ცნობილია, „წითლებთან“ ეგვიპტელი ფეხბურთელის კონტრაქტი ზაფხულში იწურება.
„მნიშვნელოვანი სიახლეები არაა. ისევე როგორც ვან დაიკის შემთხვევაში, სალაჰთან დაკავშირებითაც სიახლე მაშინ იქნება, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არაა, საუდის არაბეთიდან ინტერესი ჯერჯერობით ისევ არსებობს, „ლივერპული“ კი იმედოვნებს, რომ სალაჰთან ახალ შეთანხმებას მიაღწევს“, - წერს რომანო.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულის“ ბოლოდროინდელ წარმატებებში, მათ შორის პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში სალაჰის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის მიუხედავად, კლუბსა და ეგვიპტელ ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონს ეგვიპტელი საუცხოო დონეზე ატარებს - 32 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგაში როგორც გოლების, ისე ასისტების რაოდენობით ლიდერობს.
რამდენიმე თვის წინ მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილი სირთულეები თავად სალაჰმაც აღიარა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის „ლივერპულში“ ბოლო სეზონია.