„ბარკოლა, კვარა და დუე შესანიშნავ პასებს მიკეთებენ“ | დემბელეს კომენტარი
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში, „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „ბრესტი“ გახლავთ. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა პირველი შეხვედრა სტუმრად გამართა და 3:0 იმარჯვა. მატჩში ანგარიში ვიტინიამ გახსნა, უსმან დემბელემ კი დუბლი შეასრულა და საფინალო სასტვენის შემდეგ, ჟურნალისტებს ესაუბრა.
„მარტივი მატჩი არ ყოფილა, რადგან ბრესტი არის გუნდი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ. პირველივე წუთიდან მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყავით და სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ, თუმცა, ეს დასასრული არაა და განმეორებით შეხვედრაშიც ფოკუსირებული უნდა ვიყოთ.
პარი სენ-ჟერმენის ყველა ფეხბურთელი კარგად თამაშობს. გოლების გატანაში ძალიან მეხმარება ის ფაქტი, რომ შეტევების დასაგვირგვინებლად სწორ პოზიციაში ვიმყოფები ხოლმე. ჩემი თანაგუნდელები, ბრედლი ბარკოლა, დეზირე დუე თუ ხვიჩა კვარაცხელია, შესანიშნავ გადაცემებს მიკეთებენ და მხოლოდ ისღა დამრჩენია, ბურთი კარის ბადეში გადავგზავნო“.
ცნობისთვის, დემბელე ფენომენალურ ფორმაში იმყოფება და 2025 წელს გამართულ 8 შეხვედრაში, მის ანგარიშზე 15 გოლია. კვარაცხელიას რაც შეეხება, ქართველი ფეხბურთელი ცვლილებაზე შევიდა და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, როცა „პარი სენ-ჟერმენი“ 3:0-ს იგებდა.