მაგიური საღამო ეტიჰადზე - რეალმა სიტი დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში გულშემატკივრებმა საოცარი დაპირისპირება იხილეს. მანჩესტერ სიტიმ მადრიდის რეალს უმასპინძლა. ბლანკოსმა უმძიმეს ბრძოლაში 3:2 მოიგო და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
მთელი მატჩის განმავლობაში არაერთი მომენტი იქმნებოდა და უფრო მეტს მადრიდული გრანდი აქტიურობდა. პირველ ნახევარში ანჩელოტის შეგირდებს რამდენიმე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს.
ანგარიში ერლინგ ჰოლანდმა გახსნა და პირველი ტაიმი ქალაქელებმა 1:0 მოიგეს. მეორე ნახევარი იმავე სცენარით წარიმართა. ბლანკოსი აქტიურობდა და ერთ-ერთი შეტევა კილიან მბაპემ გოლით დააგვირგვინა.
დარჩენილ დროში, სამეფო კლუბს კიდევ ჰქონდა გოლის გატანის კარგი შანსები, მაგრამ რიგ ეპიზოდებში ედერსონი მოწოდების სიმაღლეზე იყო. თითქოს მასპინძელთა კარში გოლი მწიფდებოდა, მაგრამ რეალის კარში პენალტი დაიდო და ჰოლანდმა სიტი წინ გაიყვანა.
კარლო ანჩელოტიმ როდრიგოს ნაცვლად მატჩში ბრაჰიმ დიასი ჩართო, რომელმაც გამოსვლიდან რამდენიმე წუთში ანგარიში გაათანაბრა. თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჯუდ ბელინგემმა მესამე გოლი გაიტანა და რეალს მოაგებინა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 19 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.