დაბრუნება 336 დღის შემდეგ | კვარამ ჩემპიონთა ლიგაზე ცვლილებაზე ითამაშა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ მატჩში „ბრესტი’’ გენგამში, „სტად დე რუდურუზე’’ პსჟ-სთან 0:3 დამარცხდა. საპასუხო მატჩი 20 თებერვალს გაიმართება.
ანგარიში 21-ე წუთზე ვიტინიამ გახსნა, უსმან დემბელემ დუბლი შეასრულა, ფრანგმა 45-ე და 66-ე წუთებზე გაიტანა.
პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე პირველად დასვა, თამაშში 67-ე წუთზე ჩართო, როცა ანგარიში 0:3 იყო. აღსანიშნავია, რომ კვარა ჩემპიონთა ლიგაზე 336-დღიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
ქართველმა ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგზე ითამაშა. 74-ე წუთზე კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო არბიტრმა „ბრესტის’’ მცველ ბრენდან შარდონეს ყვითელი ბარათი უჩვენა.
ქართველი ფეხბურთელის თამაშს სიმწვავე აკლდა, გარემარბის ფუნქციები სათანადოდ ვერ შეასრულა, შეტევებს ვერ ამწვავებდა და რამდენიმე არაზუსტი გადაცემა გააკეთა, თუმცა ასევე უნდა ვთქვათ, რომ გარკვეულ მომენტებში ჩანდა, რომ ფეხი აწუხებდა. შესაძლოა, მცირე დაზიანებით ითამაშა, რამაც საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ხელი შეუშალა. ზოგადად, კვარა უფრო თამამი და გაბედული უნდა იყოს, მცველის მოტყუებაზე უნდა მიდიოდეს და ფეთქებადობა გამოარჩევდეს. გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ პსჟ-ში ახალი გადასულია და „მონაკოსთან'' ბრწყინვალე გოლის მიუხედავად ადაპტაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
ლიგა 1-სა და საფრანგეთის თასზე კვარამ საერთო ჯამში 4 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში გოლი და საგოლე პასია.