2 საგოლე პასი | იეგოიანი პროგრესირებს და კარგ ფორმაშია
ნიდერლანდების ჩემპიონატის 25-ე ტურში „ვიტესმა’’ შინ „ემენს’’ 2:0 მოუგო. ორივე გოლისას საგოლე პასი ირაკლი იეგოიანის ანგარიშზეა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველს გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა 100-პროცენტიანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.
იეგოიანის გამორჩეული მომენტები ემენთან
ბოლო ორ მატჩში ირაკლის ანგარიშზე სამი საგოლე მოქმედებაა. „ექსელსიორთან’’ გოლი გაიტანა და ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. რაც შეეხება ზოგადად სეზონს, ნიდერლანდების რანგით მეორე ლიგაში 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ფინანსური პრობლემების გამო „ვიტესის’’ საქმე ცუდადაა, თუმცა რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ირაკლის გამოსვლაზე დადებითად აისახა, პროგრესირებს და ეს ციფრებშიც კარგად ჩანს.
ირაკლი საქართველოს, 16, 18 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ზაფხულში, დიდი ალბათობით, რამაზ სვანაძე ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს, თუმცა გასულ შესარჩევ ციკლში იეგოიანს მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა, მსაჯის მიერ დამატებული წუთები რომ არ ჩავთვალოთ მინდორზე მხოლოდ 68 წუთი გაატარა, რაც ძალიან მცირე დროა.
ირაკლი ამსტერდამის „აიაქსისა'' და ენსხედეს „ტვენტეს'' აკადემიებში ირიცხებოდა. „ვიტესთან'' კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
Transfermarkt-ის მონაცემებით მისი სატრანსფერო თანხა 300 000 ევროა.
ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ირაკლის ნიდერლანდების მოქალაქეობაც აქვს. ზოგადად, ევროკავშირელის პასპორტი ფეხბურთელებისთვის დამატებითი პლუსია, თუ რა თქმა უნდა მოთამაშის მიზანი კარიერის ევროპაში განვითარებაა.