„ამიტომაც არის მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი“ - რას ამბობს პორიე მახაჩევზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ლეგენდამ და ყოფილმა ჩემპიონმა, დასტინ პორიემ ისლამ მახაჩევზე ილაპარაკა.
ამერიკელი მებრძოლის თქმით, დაღესტნელი დაუჯერებელი სპორტსმენი და დიდებული ჩემპიონია.
„მისი დამარცხება რთული იქნება ნებისმიერისთვის, ვინც გზაზე შეხვდება. ვფიქრობ, ისლამს შეუძლია ქვემსუბუქ დივიზიონში გადავიდეს და იქ წარმატებას მიაღწიოს. რაშია მისი გამარჯვების საიდუმლო? მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის დაუჯერებლად დისციპლინირებულია. ის ამ საქმით ბავშვობიდანაა დაკავებული - ამიტომაც არის მახაჩევი მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი, წონის მიუხედავად“, - თქვა პორიემ.
შეგახსენებთ რომ მახაჩევს ბოლო ბრძოლა UFC 311-ზე, არმან ცარუკიანთან უნდა გაემართა, მაგრამ სომეხი მებრძოლი ღონისძიებას ტრავმის გამო ჩაეხსნა, რის გამოც ის ბრაზილიელ რენატო მოიკანოს დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.
რაც შეეხება 36 წლის დასტინ პორიეს, მას MMA-ში 30 ბრძოლა აქვს გამართული და 30-ჯერ შეძლო გამარჯვება, 9-ჯერ კი დამარცხდა.
2019 წლის 13 აპრილს, ამერიკელმა მებრძოლმა მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში მაქს ჰოლოუეი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა, რომელიც პირველივე დაცვაზე ხაბიბ ნურმაგომედოვთან დაკარგა.
დასტინ პორიემ ბოლოს გასული წლის ივნისში, ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ საჩემპიონო ჩხუბი ჩაატარა და საბმიშენით დამარცხდა.