სექსუალური შინაარსის ვიდეოს გავრცელება - საქმეში ასენსიო კვლავ ეჭვმიტანილია
მადრიდის „რეალის“ ცენტრალური მცველი რაულ ასენსიო სექსუალური ძალადობის საქმეში კვლავ ეჭვმიტანილი რჩება.
2023 წელს ცნობილი გახდა, რომ კასტილიას ფეხბურთელი და „რეალის" პირველი გუნდის სამი მოთამაშე არასრულწლოვან გოგონას მონაწილეობით ინტიმური ვიდეოს გავრცელების ბრალდებით დააკავეს. ყველა მათგანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ოთხ მათგანს ვიდეოს გადაღებასა და გავრცელებაში წაუყენეს ბრალი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსამართლემ ასენსიო გამოძიების ქვეშ მყოფ პირად აღარ განიხილა და საქმეში მოწმის სტატუსით გამოიყენა. 20minutos-ს ინფორმაციით, თუმცა, დღეს კანარის კუნძულების იუსტიციის უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურმა გამოაქვეყნა განჩინება, რომელიც აჩვენებს, რომ 21 წლის ფეხბურთელს ბრალდება კვლავ ემუქრება.
რაულმა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების მოხსნა მოითხოვა. თუმცა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ვიდეოს გავრცელებაში ისიც მონაწილეობდა და შესაძლოა დამნაშავეთა შორის ისიც იყოს.
ვარაუდობენ, რომ ასენსიოს ვიდეოჩანაწერზე წვდომა ჰქონდა და ის მესამე პირს აჩვენა - იმ ორი გოგონადან ერთ-ერთის მეგობარ ბიჭს, რომლებიც მისმა თანაგუნდელებმა ფარულად გადაიღეს. ამის გამო დაზარალებულებმა ვიდეოს გავრცელების შესახებ შეიტყვეს, ყველაფერი კი მათი თანხმობის გარეშე მოხდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებს მიმართეს.
გოგონების თქმით, მათ ფეხბურთელებს ვიდეოს წაშლა სთხოვეს. პასუხი იყო, რომ ეს უკვე გააკეთეს, მაგრამ შემდეგ ტყუილი აღმოჩნდა.