მძიმე ბავშვობა, რასიზმი და სკინჰედობა | შონ სტრიკლენდის გზა
Aa Aa

მძიმე ბავშვობა, რასიზმი და სკინჰედობა | შონ სტრიკლენდის გზა

„მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოდიხარ თუ იცი, სად მიდიხარ. ბევრად მნიშვნელოვანია ის, რაც წინ გელოდება, ვიდრე ის, რაც წარსულში რჩება“, - MMA-ის ქართველი გულშემატკივრების მეხსიერებაში ამ სიტყვებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. UFC 298-ზე, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, ილია თოფურიამ საზოგადოებას სწორედ ასე მიმართა და გარკვეულწილად, „ელ მატადორის“ სიტყვები ჩვენი დღევანდელი ნაშრომის გმირსაც ეხება. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ MMA-ის აღმოჩენამდე, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, საით მიდიოდა. უფრო სწორად, ჰქონდა, მაგრამ სჯობდა, არ ჰქონოდა...

„ურთულესი ბავშვობა მქონდა, მაგრამ შევხვედრილვარ ადამიანებს, რომლებთან საუბრის შემდეგაც, ჩემი ბავშვობა დისნეილენდად მოგეჩვენებათ. მახსოვს, მთელი ბავშვობა სიბრაზით სავსე ვიყავი. ქუჩაში დანით დავდიოდი და იმედი მქონდა, რომ ვინმეს მოვკლავდი. მინდოდა, ვინმე მომეკლა“, - ამბობს თანამედროვე UFC-ის ყველაზე სკანდალური მებრძოლი და ალბათ, მიხვდით, რომ ჩვენი დღევანდელი სტატია შონ სტრიკლენდს ეძღვნება. სტრიკლენდს, რომელსაც საკუთარი დემონების დამარცხებაში MMA დაეხმარა და ეს კარიერა რომ არა, ალბათ, ახლა ციხეში იჯდებოდა ან სულაც, მკვდარი იქნებოდა.

UFC-ის მებრძოლი შონ სტრიკლენდი

სტრიკლენდის რთული ცხოვრება ადრეული ასაკიდან იწყება. ერთ-ერთი ინტერვიუში, შონს ჰკითხეს, ბავშვობის კარგი მოგონება გაიხსენეო. UFC-ის ყოფილ ჩემპიონს ბევრი არ უფიქრია და პირდაპირ თქვა, კარგი არაფერი მახსენდებაო. ისიც დაამატა, ცხოვრების ახლიდან დაწყების შანსი რომ მქონდეს, გამორიცხულია, ჩემი ბავშვობის ხელახლა გამოვლაზე თანხმობა ვთქვაო. სტრიკლენდს ბავშვობა მამამ გაუფუჭა, რომელიც მასზე და მის დედაზე სისტემატურად ძალადობდა.

„მამაჩემი ფსიქოპატი იყო. ყოველდღე სვამდა და ეგონა, რომ დედაჩემი ღალატობდა, რის შემდეგაც, ჩემს სათამაშოებს ლეწავდა. ძალიან კარგად მახსოვს ერთი ისტორია, რომელიც პატარაობაში გამოვიარე. დედაჩემის ოთახში ხშირად ვიძინებდი, რადგან მეშინოდა, მამაჩემს არ მოეკლა. იყო მომენტები, როცა მისი საწოლის ქვეშ მეძინა და ათასი მწერის გვერდით, იატაკზე ვიწექი. ერთ ასეთ დღეს, ვიგრძენი მამაჩემი დედაჩემის ზევით როგორ მოექცა. შეიძლება, უხეში ინტიმური კავშირიც ჰქონდათ, ვინ იცის, მაგრამ მახსოვს, რომ მას ასეთი სიტყვებით მიმართა: „ამ საღამოს მოკვდები“ და მისი დახრჩობა დაიწყო.

დედაჩემის გადარჩენა მინდოდა და ლოგინიდან გამოვძვერი. ალბათ, მესამე კლასში ვიყავი და ერთადერთი, რაც დავინახე, გიტარა იყო. გიტარა ავიღე და რაც ძალი და ღონე მქონდა, მამაჩემს თავში ჩავარტყი. შემდეგ პოლიციას დავურეკე, მაგრამ იცით, ჩემმა სულელმა დედამ რა გააკეთა? მეორე დღეს პოლიციაში მივიდა და მამაჩემი გირაოს სანაცვლოდ გამოაშვებინა“, - იხსენებს სტრიკლენდი.

UFC-ის მებრძოლი, შონ სტრიკლენდი და მისი სამწვრთნელო შტაბი

შონს მამამისი ეზიზღებოდა და ოჯახურმა ძალადობამ მისი ხასიათის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გავლენას პატარა ბიჭუნას ხასიათზეც ახდენდა და სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა, რამაც მალევე, სტრიკლენდი უფსკრულთან დააყენა. შონი ნეონაცისტურ ორგანიზაციას შეუერთდა და სკინჰედთა შორის აღმოჩნდა.

„ბაბუაჩემი ნამდვილი ნეხვის გროვა და უდიდესი რასისტი იყო. ბავშვობაში, ვერ ვხვდებოდი, როგორ ადამიანთან მქონდა საქმე და მას გმირად აღვიქვამდი. როცა მამაშენი საშინელი ადამიანია, იხრები კაცური ტიპისკენ და ბაბუაჩემი სწორედ ასეთი იყო. 2 მეტრი სიმაღლის იყო და ყოველთვის გიჟურ ისტორიებს მიყვებოდა. ჩემში იმდენი ზიზღი და სიძულვილი გაჩნდა, რომ ნეონაციზმის მიმდევარი გავხდი.

როცა მეშვიდე კლასში ხარ და ნაცისტური იდეებს ემხრობი, ვერც კი ხვდები რას აკეთებ. წარმოდგენა არ გაქვს, ზოგიერთი სიტყვა რას ნიშნავს და შენ გამო სხვები ლაპარაკობენ. მეშვიდე კლასში რომ ვიყავი, მარკერი ავიღე და ხელზე სვასტიკა დავიხატე. სკოლაში ასე წავედი და ვერც კი მივხვდი, რა გავაკეთე. იცით რა მოხდა? ყველა ადგა და გამრიყა. იმის ნაცვლად, ვინმეს ჩემთვის რამეზე გულახდილად ელაპარაკა, მარტო დამტოვეს და ჩემი თავიდან მოშორება სცადეს. როცა მასწავლებელმა დაინახა, რომ სვასტიკა მეხატა, კლასიდან გამიყვანა და მეჩხუბა. ნამდვილი ნეხვის გროვა მიწოდა და თავი უფრო გარიყულად მაგრძნობინა“, - ამბობს სტრიკლენდი.

შონს გადამრჩენელად სპორტი მოევლინა და მისი სიცოცხლე MMA-იმ იხსნა. მეცხრე კლასში, როცა რასისტული შინაარსის გამოხტომის გამო, სკოლიდან გამოაგდეს, დედამისმა ის MMA-ის დარბაზში მიიყვანა. იმ დროისთვის, შონი UFC-ის დიდი გულშემატკივარი იყო და ძმის დაცინვის მიუხედავად, ოცნებობდა, წარმატებული მებრძოლი გამხდარიყო. სიძულვილითა და ზიზღით აღსავსე სტერლინგის პირველი სპარინგი ძალიან ცუდად დასრულდა და ყველაფერი იდეალურად დაამახსოვრდა.

„პირველი სპარინგის შემდეგ ვტიროდი. ახლაც კი, როცა იმ მომენტს ვიხსენებ, თვალზე ცრემლი მადგება. არ მგონია, ოდესმე მეგრძნოს ასეთი ბედნიერება და ეს იმის ფონზე, რომ მთელი სახე დასისხლიანებული მქონდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბედნიერება განვიცადე. ნელ-ნელა მივხვდი, რომ რასისტი კი არა, უბრალოდ სამყაროზე გაბრაზებული ვიყავი. ვარჯიში გავაგრძელე და უფრო და უფრო ხშირად ვამბობდი: „ჯანდაბა, არავინ მომწონს, მაგრამ ყველა ადამიანი ძალიან მაგარია.

ხალხის დიდი ნაწილი, რომელიც ჩემს დასახმარებლად ყველაფერს აკეთებდა, შავკანიანი იყო. მანამდე, მხოლოდ თეთრკანიანებთან მქონდა კონტაქტი და მათი უმრავლესობა ნამდვილი არაკაცი იყო. შავკანიანმა ბიჭებმა ხელი გამომიწოდეს მიუხედავად იმისა, რომ ნეონაცისტი ვიყავი. ისე გამოვიყურებოდი, თითქოს ნაცისტური პარტიიდან გამოვიქეცი, მაგრამ მაინც დამეხმარნენ“, - ამბობს შონი.

UFC-ის მებრძოლი, შონ სტრიკლენდი

MMA სტრიკლენდისთვის თერაპიად იქცა. შონი მიხვდა, რომ დრო იყო, ნორმალური ადამიანი გამხდარიყო და საზოგადოების ნაწილად ქცეულიყო. ვარჯიშები პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარებოდა და ცხოვრებაში პირველად, წყვდიადში სინათლე დაინახა. მან ისწავლა საკუთარი თავის მოსმენა და დამოუკიდებლად აზროვნება.

„როცა გავიზარდე მამაჩემისთვის წინააღმდეგობის გაწევა დავიწყე. მახსოვს, ერთხელ მაგრად დავარტყი და ეს ადამიანი, ვისიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მეშინოდა, ჩემ წინ დაეცა. ტირილი დაიწყო და მთხოვდა, აღარ დამერტყა. მაშინ მივხვდი, რა სუსტი იყო. სიკვდილის პირას როცა იყო, ნათესავები შემოიკრიბა და პატიების თხოვნა უნდოდა. სიმსივნე ჰქონდა და ვერ გადარჩებოდა. იცით, რა მითხრა? ვიცი, ბევრი ცუდი რაღაც გამიკეთებია, მაგრამ შენზე სექსუალურად არასდროს მიძალადიაო. მეთქი, მადლობა მამა“.

შონ სტრიკლენდი ისრაელ ადესანიას წინააღმდეგ

სტრიკლენდი MMA-ში 16 წლის ასაკში მოხვდა, მაგრამ 3 წელში, კინაღამ ციხეში აღმოჩნდა. მას წვეულებაზე, ჩხუბში მონაწილეობას ედავებოდნენ და გისოსებს მიღმა დროის გატარებაც მოუწია.

„თუ თეთრკანიანი ხარ და ციხეში შედიხარ, რასისტები მოდიან და ექსკურსიას გიტარებენ. ლოგინს გირჩევენ და წესებს გასწავლიან. არ გაქვს უფლება საპირფარეშოში მაშინ წახვიდე, როცა ყველა სადილობს, ხოლო თუ შხაპს იღებ შავკანიანთან ერთად, მაშინ მას აუცილებლად უნდა ეჩხუბო.

მეც ასე დამხვდნენ, მაგრამ ვუთხარი, რასისტი არ ვარ-მეთქი, რაზეც მიპასუხეს: „თუ არ შემოგვიერთდები, მარტო იქნები და ტრაკში აღმოჩნდები...“ არასდროს დამავიწყდება, ერთ-ერთი კამერის წინ გავლა, რომელშიც შავკანიანები იმყოფებოდნენ და ყველა მათგანი კრის კერტისს ჰგავდა. გისოსებს ურტყამდნენ და მემუქრებოდნენ, რომ მომკლავდნენ. იმ მომენტში მივხვდი, რომ ციხისთვის შექმნილი არ ვიყავი“, - აცხადებს სტრიკლენდი.

სტრიკლენდმა MMA-დან შეგროვებული ფული გირაოს გადასახდელად დახარჯა და უფულოდ დარჩა. დაპატიმრებამდე, მას საერთოდ არ სჯეროდა, რომ MMA-ში წარმატებას მიაღწევდა და კარიერის დასრულებასა და ჯარში წასვლაზე ფიქრობდა, თუმცა, გაჭირვებამ აიძულა ემოქმედა. ამერიკელმა მებრძოლმა King of the Cage-ის ხელმძღვანელს დაურეკა და სთხოვა, სასწრაფოდ მისთვის ჩხუბი ჩაენიშნათ. საბოლოოდ, სტრიკლენდი სამხრეთ აფრიკაში აღმოჩნდა და გამარჯვების შემდეგ, MMA-ის დატოვებაზე აღარ უფიქრია.

UFC-ის მებრძოლი შონ სტრიკლენდი

„წვეულებაზე ჩხუბი რომ არა, ალბათ, ამ სპორტიდან წავიდოდი და ჯარს შევუერთდებოდი. საბედნიეროდ, 3-წლიან პატიმრობას გადავურჩი და 23 წლის ასაკში UFC-ისთან გავაფორმე კონტრაქტი“.

სტრიკლენდი საოცარი რეპუტაციით არ გამოირჩევა. ქომაგთა ნაწილი მას რადიკალად, სექსისტად და ქსენოფობად თვლის, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ბიჭმა ურთულესი დაბრკოლებებით სავსე გზა გამოიარა და MMA რომ არა, ვინ იცის, სად აღმოჩნდებოდა. ისე, სხვათა შორის, ავტოავარიაშიც მოყვა და მოტოციკლით დაიმტვრა, მაგრამ ოქტაგონზე მაინც დაბრუნდა, ჩემპიონი გახდა და გულშემატკივრებს სისხლიანი ორთაბრძოლები აჩუქა. არის მომენტები, როცა ზედმეტი მოსდის და სისულელეებს ბოდავს, მაგრამ სტრიკლენდი ხომ ზუსტად ამის გამოა გამორჩეული.

გაზიარება: