„კვარა ვერ შეინარჩუნეს და ვერც შემცვლელი მოუძებნეს“ | მარკო აცი ნაპოლის აკრიტიკებს
იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ჟურნალისტი მარკო აცი „ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ ფრედ დასრულებულ მატჩს ეხმიანება და „პარტენოპეის“ სატრანსფერო პოლიტიკას აკრიტიკებს.
რას ამბობს მარკო აცი:
„ბოლო კვირების ნეგატიური ტრენდი „უდინეზესთან“ მატჩშიც გამოჩნდა. სატრანსფერო ბაზარზე „ნაპოლი“ არ მოქმედებდა ისე დამაჯერებლად, როგორც მოქმედებს კლუბი, რომელსაც ისტორიის დაწერა სურს.
ანტონიო კონტეს პრესკონფერენციაზე მის წინაშე დასახული ამოცანების განმარტებაც მოუწია - „მთხოვეს, დამებრუნებინა კლუბი ევროტურნირებზე, თუნდაც კონფერენს ლიგაზე“.
კონტესნაირი „სერიული ჩემპიონისგან“, რომელსაც სიტყვა „დანებების“ მიმართ ალერგია აქვს, ასეთი სიტყვების მოსმენა უჩვეულოა. კონტემ გუნდს დასვენების დღე გაუუქმა და დამატებითი ვარჯიში დაუნიშნა, რომელიც ვიდეოზე ჩაიწერება და კოლექტიურად იქნება განხილული.
„ნაპოლის“ შეტევა კვარას წასვლით დასუსტდა. კლუბს, რომელიც სკუდეტოს უმიზნებს, ან ქართველი უნდა შეენარჩუნებინა, ან მისი შემცვლელი უნდა მოეძებნა, რაც მათ ვერ შეძლეს“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 70 მილიონ ევროდ გაყიდა, ქართველის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა წარუმატებელი მცდელობების შემდეგ „მილანიდან“ იჯარით ნოა ოკაფორი დაიმატა.
ცნობისთვის, სერია ა-ს 24-ე ტურში „ნაპოლიმ“ შინ „უდინეზეს“ ვერ მოუგო (1:1), რის შემდეგაც სატურნირო ცხრილში „ინტერთან“ სხვაობა 1 ქულამდე შემცირდა.