ტრანსფერის შანსი დაბალია | თურქულმა კლუბმა უოტფორდს ჩაკვეს თაობაზე მიმართა
თურქეთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება და კლუბებს შემადგენლობის გასაძლიერებლად საათები რჩებათ. ახლახან, ერთ-ერთმა თურქმა ჟურნალისტმა, ჰაკან იოლოღლუმ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და გიორგი ჩაკვეტაძე „ტრაბზონსპორს“ დაუკავშირა.
იოლოღლუს ცნობით, „ტრაბზონსპორს“ ნახევარმცველის დამატება აქვს გადაწყვეტილი და მის სიაში „ჩაკვეც“ მოხვდა. თურქებმა „უოტფორდს“ ოფიციალური წინადადებითაც მიმართეს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ეს ტრანსფერი დაიხუროს.
ჩაკვეტაძე „კრაზანების“ ერთ-ერთი ლიდერია და შესანიშნავ სეზონს ატარებს. ინგლისური კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, სკოტ დაქსბერის თქმით, იანვარში, „უოტფორდმა“ „ჩაკვეს“ სანაცვლოდ სარფიანი შეთავაზებები მიიღო, მაგრამ კლუბმა უარი თქვა, რადგან მისი გაშვება არ უნდათ.
ცნობისთვის, ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 30 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, გოლების რაოდენობის მხრივ შთამბეჭდავი სტატისტიკა არ აქვს, თუმცა თამაშზე დიდ გავლენას ახდენს და მის აქტივში 5 საგოლე პასია. საგოლე გადაცემების რაოდენობა კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, თანაგუნდელები დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო ზუსტად რომ მოქმედებდნენ.