ბითაძის დაფარებები | ორლანდო ატლანტასთან დამარცხდა
„ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში 55-ე შეხვედრა გამართა და საკუთარ კედლებში „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდა. გოგა ბითაძის გუნდი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და 106:112 წააგო.
ქართველმა კალათბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 16 წუთი და 37 წამი გაატარა. გოგას ქულა არ ჩაუგდია, 3 მოხსნა ჰქონდა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება. ბითაძემ 1 ორქულიანი გააფუჭა და ტექნიკური ფოლი მიიღო, მის პასივში 1 დაკარგვაც იყო.
„ორლანდოს“ მხრიდან საუკეთესო ფრანც ვაგნერი გახლდათ - 37 ქულა, 7 მოხსნა, 3 ასისტი. პაოლო ბანკერომ 31 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა. „მეჯიქის“ სხვა კალათბურთელს 10-ქულიანი ნიშნული არ გადაულახავს. „ატლანტას“ რიგებში 19 ქულით ტრეი იანგი გამოირჩა. კარის ლევერტს 18 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა. ტერენს მანს - 12 ქულა.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ ანგარიშზე 26 მოგება და 29 წაგებაა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 გახლავთ. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „შარლოტ ჰორნეთსია“, რომელსაც 13 თებერვალს დაუპირისპირდება.