„ყურადღება არა ინდივიდუალურ, არამედ გუნდურ თამაშზე უნდა გავამახვილოთ“ - ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში პსჟ სტუმრად „ბრესტს“ დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ლუის ენრიკე:
საჭიროა, რომ ყურადღება არა ინდივიდუალურ, არამედ გუნდურ თამაშზე გავამახვილოთ. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს წარმატებას ყველა შეხვედრაში. ფეხბურთი გუნდური სპორტია. ინდივიდუალურად, გუნდში ბევრი ფეხბურთელია, რომელსაც სარგებლის მოტანა შეუძლია, მაგრამ მთავარია გუნდურად თამაში.
ბრესტთან ყველა თამაში, როგორც სახლში, ისე სტუმრად, რთული გამოდგა. სახიფათო გუნდია, რომელსაც გოლის გატანა და პრობლემების შექმნა შეუძლია. ბოლოს ორი გოლი გაგვიტანეს. თუ მათ არ შევზღუდავთ, პრობლემებს შეგვიქმნიან. კარგად თამაშობენ როგორც შეტევაში, ისე დაცვაშიც. ნამდვილად არ ვთვლით, რომ მარტივი გასეირნება გველის.
წინასწარ არ ვიცი, როგორ წარიმართება მატჩი, მაგრამ ყველას გააზრებული გვაქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ტურნირია ჩვენთვის და რას ნიშნავს ეს კლუბისთვის. ბრესტსაც ექნება მიზანი, რომ დადებით შედეგს მიაღწიოს. მარტივი არ იქნება მოკლე დროში ორი ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის გამართვა, მაგრამ ვეცდებით, რომ ის მივიღოთ, რაც დავიმსახურეთ. ასეთ დროს ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვს. ყველა ასპექტში უნდა იბრძოლო. ბრესტთან ყოველთვის გვაქვს შეგრძნება, რომ გოლს გავიტანთ, მაგრამ შემდეგ მათ სწრაფად შეუძლიათ რეაბილიტაცია და შანსების შექმნა. ჰყავთ ნახევარმცველები, რომლებიც კარგად ურტყამენ, პრესინგზე მოდიან და სახიფათოდ უტევენ.
ისეთ ტექნიკურ ფეხბურთელებს, როგორიც უსმან დემბელეა, ყოველთვის ვიცავ. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ სხვა ფეხბურთელებზეც უნდა ვფოკუსირდე, მაგალითად მენდეშზე, კვარაზე, ბარკოლაზე... ვიცით, რომ უსმანს კარგად შეუძლია თავისი მომენტების ერთი შეხებით გამოყენება. მისი სტატისტიკა იმაზე მეტია, რასაც სეზონის დაწყებამდე წარმოვიდგენდი. ვფიქრობ, ისიც ბედნიერია, რომ ამ გუნდის ნაწილია და ჩვენც გვიხარია მისი ასეთი თამაში.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ბრესტის“ შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება.