საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ფიბა-ს სანაკრებო ფანჯარა ოფიციალურად 17 თებერვალს იწყება და მანამდე ნაკრები ლეგიონერების გარეშე – საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელებით მოემზადება, საიდანაც საუკეთესოები უკვე გენერალურ შეკრებაზე გადაინაცვლებენ და ლეგიონერებთან ერთად პრინციპული მატჩებისთვის გააგრძელებენ მზადებას. საქართველოს ნაკრები 21 თებერვალს თბილისში დანიას, ხოლო 24 თებერვალს სერბეთს ბელგრადში შეხვდება.
პრინციპში, მთავარი ბრძოლა დანიასთან გვაქვს. პირველივე მატჩი, რომელიც 21 თებერვალს თბილისში, დანიასთან გაიმართება, გადამწყვეტია. ეს მატჩი გადაწყვეტს, გავა თუ არა საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ. დანიის დამარცხება ევრობასკეტის საგზურს გარანტირებულად გვაძლევს, ხოლო მარცხი დამღუპველია, რადგან შემდეგ მხოლოდ ჩვენს თავზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული. მერე სერბეთში გამარჯვება დაგვჭირდება, თან ისე, რომ დანიამ შინ ფინეთთან წააგოს. ასეთ ფანტასმაგორიულ სცენარს ჩვენმა მტერმა უქომაგა – ჩვენ დანიასთან მოგება გვჭირდება, წყნარად და მშვიდად რომ მოვიპოვოთ ევროსაგზური.
აი, ასეთი პრინციპული მატჩისთვის დაიწყო ალექსანდარ ჯიკიჩმა ნაკრების მომზადება. გამოძახებული 20 კალათბურთელიდან დღeვანდელ ვარჯიშზე 12 იყო. ნაკრებს ხვალ შეუერთდება 16 წლის მათე ყავლაშვილი, რომელიც გერმანიაში, ევროლიგის NEXT GENERTION-ის ტურნირზე იმყოფებოდა. თბილისი არენაზე ამ კალათბურთელებმა ივარჯიშეს: ლუკა მაზიაშვილი (ამრა), ლუკა ლიკლიკაძე (ორბი), გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი), სანდო სანაძე (ზესტაფონი), კახა ჯინჭარაძე (ამრა), დავით კაკუშაძე (ვსა), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), გიორგი სულაბერიძე, გიორგი კორსანტია (ორივე ქუთაისი),ილია ლონდარიძე (ბათუმი), გეგი ბაქრაძე (გურჯაანი), ივანე მეგენეიშვილი (ივერიონი).
ნაკრებს გზადაგზა ეს 7 ლეგიონერი შეუერთდება: თორნიკე შენგელია (ვირტუსი, იტალი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი), კამარ ბოლდუინი (ბასკონია, ესპანეთი), ბექა ბურჯანაძე (კორუნა, ესპანეთი), დუდა სანაძე (ესპეროსი, საბერძნეთი), რატი ანდრონიკაშვილი (ობრადოირო, ესპანეთი) და მათე ხატიაშვილი (ბასკონია U18, ესპანეთი)
ნაკრების მთავარი მწვრთნელი 17 თებერვალს იმ 14 კალათბურთელს დაასახელებს, რომელთაგანაც დანიასთან და სერბეთთან მატჩების შემადგენლობები დაკომპლექტება. ნაკრები 17 თებერვლიდან გენერალურ შეკრებაზე გადავა – სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” იცხოვრებს და თბილისი არენაზე ივარჯიშებს.
დანიასთან მატჩი თბილისი არენაზე 21 თებერვალს, 20:50 საათზე გაიმართება, ხოლო 22-ში, 17:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ბელგრადში ჩარტერული რეისით გაემგზავრება, სადაც 24 თებერვალს სერბეთის ნაკრებთან ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩს გამართავს.