„არ მაინტერესებს ქამარი რამდენჯერ დაიცვა, ისლამს ეჩხუბოს“ | ჯო როგანი თოფურიაზე
UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა ილია თოფურიას სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგანმა იმედი გამოთქვა, რომ „ელ მატადორი“ მსუბუქ წონით დივიზიონში ავა და ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ იჩხუბებს.
„არ ვიცით, მსუბუქ წონით დივიზიონში რა მოხდება და რა გიჟურადაც არ უნდა ჟღერდეს, იმედი მაქვს, თოფურია ამ წონაში ავა. ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ და დიეგო ლოპესმა ერთმანეთთან იჩხუბონ, ილია კი მსუბუქ წონაში ავიდეს. არ მაინტერესებს, ქამარი რამდენჯერ დაუცვია, ეს არავის ადარდებს, მაგარი ჩხუბი იქნება.
თუ ივლისისთვის მასშტაბური ორთაბრძოლა გჭირდებათ, ვოლკანოვსკის კანდიდატურა საეჭვოა და ხალხს სურს, ვოლკმა ერთი გამარჯვება მოიპოვოს. ისლამმა პირველ ჩხუბში სცემა, მეორეში დაანოკაუტა და მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდაა, გვინდა, რომელიმე პრეტენდენტი დაამარცხოს. ილიასა და ვოლკის რემატჩის ნახვაზე უარს არ ვიტყოდი და რეალურად, ვოლკანოვსკის თოფურიასთან ასე სწრაფად არ უნდა ეჩხუბა. ივლისისთვის, ილია მსუბუქში ავიდეს, დუ პლესი ქვემძიმეში და პერეირას შეხვდეს, სუპერ ქარდი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიას სურს, მსუბუქ წონით დივიზიონში ავიდეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას UFC-ი მიიღებს.