ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

საუკეთესო ტრანსფერი, იახტა და უცნაური ჩვევები - საინტერესო ფაქტები ფლორენტინო პერესზე

იანვარში ფლორენტინო პერესი „რეალის“ პრეზიდენტად მეხუთე ვადით, 2029 წლამდე ისე აირჩიეს, რომ მას კონკურენტი არ ჰყოლია. ის ინტერვიუებს მედიის წარმომადგენლებს იშვიათად აძლევს, თითქმის არ საუბრობს პირად ცხოვრებაზე და შესაბამისად, რთულია მის შესახებ რაიმეს დადასტურებულად თქმა. თუმცა მაინც შეიძლება სამეფო კლუბის 77 წლის მმართველზე ისეთი რაღაცების სააშკარაოზე გამოტანა, რაც მის პიროვნებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

დაიბადა 1947 წელს, საშუალო გაქანების ბიზნესმენის ოჯახში. გაიზარდა ორ ძმასთან და ორ დასთან ერთად. მამამისი ედუარდო კი პარფიუმერული მაღაზიის მფლობელი იყო.

1971 წელს გაიცნო მომავალი მეუღლე მარია ანხელ სანდოვალი, მეტსახელად პიტინა და მათ სამი შვილი, მარია, ედუარდო და ფლორენტინო შეეძინათ.

„რეალის“ პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად

ფლორენტინო პერესის 47 წლის შვილი მარია რესტორნის მფლობელია. უფროსი ბიჭი ედუარდო პურ-ფუნთუშეულის კომპანია „არიადნა გატოს“ ადმინისტრატორად მუშაობს. რაც შეეხება უმცროს ბიჭს, რომელსაც ფლორენტინო თავის საპატივცემულოდ დაარქვა, Peyflosa-ს ფასიან ქაღალდებზეა პასუხისმგებელი.

პერესის მეუღლე 2012 წელს ფილტვის სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა. მას შემდეგ 13 წელია გასული, ფლორენტინო კვლავაც ატარებს საქორწინო ბეჭედს და სხვა ქალთან ურთიერთობა არ ჰქონია.

ფლორენტინოს ერთ-ერთი ძმა ენრიკე „რეალის“ დირექტორთა საბჭოს წევრია.

დიდი ხნის განმავლობაში ყოველ უიქ-ენდზე ერთსა და იმავე რესტორანში, El Senorio de  Alcocer-ში ნათესავებთან ერთად ვახშმობდა, რომელიც 2019 წელს დაიხურა. გამუდმებით უკვეთავდა ოსპის სუპსა და კვერცხს კარტოფილთან ერთად. სპეციალურად მისთვის რესტორანს ჰქონდა გამოყოფილი ცალკე სავახშმო ოთახი.

ბავშვობაში ფლორენტინო არამხოლოდ ფეხბურთის, არამედ ხელბურთის გულშემატკივარი იყო.

1970 წელს, 23 წლის ასაკში დაამთავრა მადრიდის პოლიტექნიკის ნავსადგურების, გზებისა და ხიდების სამოქალაქო ფაკულტეტი და ინჟინრის ხარისხი მიიღო.

1997 წელს ჩაიბარა  ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ACS Group, რომლის წლიური ბრუნვაც 35 მილიარდ ევროს აჭარბებს. პერესის ქონება კი ამ მონაცემებით 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მისი საყვარელი ფილმი 1970 წელს გამოშვებული „სიყვარულის ისტორიაა“, სადაც მთავარ როლს რაიან ონილი ასრულებს.

ახალგაზრდობაში პერესი ფეხბურთს სამოყვარულო დონეზე თამაშობდა და როგორც თავად ამბობს ლუკა მოდრიჩის პოზიციაზე, თუმცა რა თქმა უნდა ხორვატის 10 პროცენტიც არ იყო.

პერესი ნამდვილი ავტომოყვარულია: „როდესაც დრო მაქვს, შემიძლია ქალაქში მანქანით საათობით ვიმოძრაო. ხანდახან ნახევარ განაკვეთზე მძღოლად მუშაობაზეც კი მიფიქრია“ - აცხადებს ფლორენტინო.

1983 წელს პერესი გახდა „დემოკრატიული რეფორმების პარტიის“ გენერალური მდივანი. 1986 წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ 1 პროცენტიც ვერ აიღო და მალევე არსებობა შეწყვიტა.

2017 წელს Forbes-ის ვერსიით პერესი ესპანეთში საუკეთესო ხელმძღვანელის პრიზის მფლობელი გახდა.

ფლორენტინო მუსიკას საერთოდ არ უსმენს, რადგან არ თვლის, რომ ამჟამად მისი მოსაწონი კომპოზიცია არსებობს.

პერესს არ უყვარს ქუჩაში სიარული: „ხანდახან მიწევს, თუმცა მირჩევნია რესტორანში, ოფისში, ან კლუბის ბაზაზე ვიყო. არ მიყვარს ისეთ ადგილას ყოფნა, სადაც ხალხი მცნობს.

შეკითხვაზე, რას გააკეთებს ერთ დღესაც უხილავი რომ გახდეს, მისი პასუხი ასეთია: „დავიძინებ“.

ომლეტი არის ის საჭმელი, რომელიც ფლორენტინომ ბოლოს მოამზადა, თუმცა როგორც თვითონ ახსოვს ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ წელიც არ ახსოვს.

პერესს უზომოდ უყვარს ძაღლები და ოჯახში სამი ლეკვი ჰყავს: ერთს ქვია ფლორენი, მეორეს ტინო, ხოლო მესამეს - ზიზუ. WhatsApp-ზე სწორედ მათი ფოტოები აქვს პროფილზე დაყენებული.

ფლორენტინოს არ უყვარს ჯინსები, რომელიც მას ბოლოს გასულ საუკუნეში ეცვა.

დღე-ღამეში მხოლოდ 3-დან 7 საათამდე სძინავს.

ძალიან უყვარს კითხვა: „თავისუფალი დრო თუ მაქვს, ვცდილობ დღე-გამოშვებით მაინც წავიკითხო წიგნი, რადგან ეს ძალიან მამშვიდებს“.

ჯერჯერობით ისევ ყოველდღიურად ეცნობა გაზეთებს.

ადრე სიგარეტის რეგულარული მომხმარებელი იყო - დღეში კოლოფ-ნახევარს ეწეოდა, თუმცა 20 წლის წინ თავი დაანება.

მისი საუკეთესო მეგობარი კარდიოლოგი ხერონიმო ფარეა, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს. ფარეს იურიდიული განათლება აქვს, რაც პერესმა კარგ მიზეზად გამოიყენა საიმისოდ, რომ ის „რეალის“ დირექტორთა საბჭოს წევრად მიეღო.

მადრიდი, ლონდონი და ნიუ-იორკი - ფლორენტინოს საყვარელი ქალაქები.

პერესს პალმა-დე-მაიორკაზე მდიდრული ვილა ჰქონდა, რომელიც მიხაელ შუმახერის ოჯახს რამდენიმე წლის წინ 30 მილიონ ევროდ მიჰყიდა.

მდიდრული ვილა, რომელიც პერესისგან შუმახერმა შეიძინა

აფასებს კაპუჩინოს და იშვიათად იღებს ალკოჰოლს, თუმცა ხანდახან ერთ ჭიქა კარგ ღვინოს მიირთმევს.

„რეალის“ პრეზიდენტად გახდომის პირველი მცდელობა 1995 წელს ჰქონდა, თუმცა არჩევნები იმდროინდელ მმართველ რამონ მენდოსასთან წააგო. 2000 წელს კი მიზანს ეშმაკური სვლის ხარჯზე მიაღწია - ის სოსიოებს შეპირდა, რომ თუ პრეზიდენტად აირჩევდნენ, „ბარსელონადან“ ლუიშ ფიგუს შეიძენდა და თუ ამას ვერ შეძლებდა, თითოეული მათგანის ერთი წლის საწევრო გადასახადს სრულად დაფარავდა, რაც 22 მილიონ ევროს უტოლდებოდა. ფლორენტინომ თავად პორტუგალიელთანაც დადო შეთანხმება და ფიგუ შეპირდა, რომ თუ ის პრეზიდენტი გახდებოდა, აუცილებლად გადავიდოდა „რეალში“, პირობის დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმას გადაიხდიდა.

2001 წელს, ერთ-ერთი დაჯილდოების დროს, პერესმა ზინედინ ზიდანს ჩუმად გადასცა ხელსახოცი, სადაც კალმით ეწერა: „გსურს მადრიდის „რეალში“ გადმოსვლა?“ ზიზუსგან მან მაშინვე დადებითი პასუხი მიიღო.

პერესმა და „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ ზიდანის ტრანსფერი 2001 წელს 75 მილიონ ევროდ დახურეს. იტალიელმა ფუნქციონერმა ფლორენტინოს უთხრა, რომ შეეძლო ზიზუ 60 მილიონადაც დაეთმო, რაზეც მისგან მიიღო პასუხი, რომ ფრანგის სანაცვლოდ 100 მილიონსაც უპრობლემოდ გადაიხდიდა.

როდესაც პერესი ინჩასებს ფიგუს დამატებას შეპირდა, სამეფო კლუბის მაშინდელმა პრეზიდენტმა ლორენცო სანსმა ირონიულად თქვა: „არ მჯერა. ნეტავ, ზიდანის მოყვანასაც ხომ არ აპირებს?“ ერთი წლის შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 5-ნომრიანი მაისური ფრანგს ეცვა.

მეუღლის საპატივცემულოდ დონ ფლორენტინომ თავის იახტას „პიტინა II“ უწოდა. სწორედ ამ იახტაზე, 2002 წლის 31 აგვისტოს, ის „ინტერის“ პრეზიდენტს მასიმო მორატის რონალდოს ტრანსფერზე შეუთანხმდა.

იახტა, სადაც რონალდოს ტრანსფერზე მოილაპარაკეს

პრეზიდენტად დანიშვნისთანავე პერესმა „რეალის“ 300-მილიონიანი დავალიანება კლუბის ძველი სპორტული ბაზის 480 მილიონად გასხვისების შემდეგ დაფარა და ახალი ბაზა ააშენა.

სიყვარულზე ამბობს: „ცხოვრებაში ორჯერ შემიყვარდა: პირველად „რეალი“, შემდეგ კი მეუღლე“.

იანვარში შესრულდა 40 წელი მას შემდეგ, რაც პერესი სამეფო კლუბის სოსიოდ დარეგისტრირდა.

ბავშვობაში მისი საყვარელი ფეხბურთელი ალფრედო დი სტეფანო იყო და მამას 1950-იანი წლების მადრიდის „რეალის“ თამაშებზე ხშირად დაჰყავდა.

ფერნანდო რედონდო „მილანში“ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაასხვისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არგენტინელი ნახევარმცველი ლორენცო სანსის მხარდამჭერი იყო.

„რეალში“ პერესის მარჯვენა ხელი ხოსე ანხელ სანჩესია, რომელიც 2000 წლიდან გენერალური დირექტორის პოსტს იკავებს და ესპანეთში მას „ბლანკოსის“ რუხ კარდინალად მოიხსენიებენ.

„ბლანკოსის“ პრეზიდენტის მარჯვენა ხელი

სერხიო რამოსი ფლორენტინო პერესმა „სევილიადან“ 2005 წელს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 30 წუთით ადრე შეიძინა.

2006 წელს კლუბის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და პრეზიდენტის პოსტი დატოვა.

ის დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა სამეფო კლუბის დამრიგებლად კარლო ანჩელოტის, ან არსენ ვენგერის დანიშვნაზე და მათთან მოლაპარაკებების მცდელობა 2003, 2005 და 2009 წლებში ჰქონდა. ფრანგი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ვერ ჩამოიყვანა, იტალიელმა კი მადრიდული გრანდი 2013 წელს ჩაიბარა.

2009 წლის ზაფხულში პერესის ნათქვამი: „ერთხელაც ზინედინ ზიდანი „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდება და უდიდეს წარმატებებს მიაღწევს“.

2009 წელს დონ ფლორენტინო საფრანგეთში სპეციალურად კარიმ ბენზემას მშობლებთან შესახვედრად ჩავიდა, რათა ისინი დაერწმუნებინა, რომ მათი შვილისთვის „რეალი“ იდეალური გუნდი იქნებოდა.

„რეალის“ გოლზე პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, სიხარულისგან სკამიდან მხოლოდ ორჯერ წამოხტა - 2011 წელს კარიმ ბენზემას მიერ „ლიონში“ გატანილი ბურთისას, რამაც სამეფო კლუბი 6-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა და 2014 წლის ფინალზე სერხიო რამოსის მიერ „ატლეტიკოს“ დამწუხრებისას.

პერესმა ერთხელ ტონი კროოსის აგენტს უთხრა, რომ ფეხბურთელის კლასისა და მისი ფასის გათვალისწინებით, გერმანელი ნახევარმცველის ტრანსფერი „რეალის“ ისტორიაში საუკეთესოა - მადრიდელებს მისი „ბაიერნიდან“ გამოსყიდვა 25 მილიონი ევრო დაუჯდათ.

კროოსმა „სამეფო კლუბთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოიგო

ფლორენტინო პერესის სახელს ოთხი სატრანსფერო რეკორდი უკავშირდება: ლუიშ ფიგუ (2000 წელი, 60 მლნ), ზინედინ ზიდანი (2001 წელი, 75 მლნ), კრიშტიანუ რონალდუ (2009 წელი, 94 მლნ), გარეტ ბეილი (2013 წელი, 100 მლნ).

მიუხედავად იმისა, რომ „ტოტენჰემის“ პრეზიდენტს დენიელ ლევს წამყვანი ფეხბურთელის გაშვება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე არ სურდა, პერესი ახლაც მიიჩნევს, რომ გარეტ ბეილთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მის ცხოვრებაში ყველაზე იოლი იყო.

„მსურს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთხელ გავიმარჯვო“ - ეს სიტყვები ფლორენტინომ 2014 წელს თქვა და მას შემდეგ ეს ტურნირი „რეალმა“ კიდევ 5-ჯერ მოიგო.

2015 წლის 18 დეკემბერს თქვა, რომ რაფა ბენიტესის მომავალს „რეალში“ საფრთხე არ ემუქრებოდა, თუმცა აქედან ზუსტად 17 დღეში ის თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

2017 წელს „იუვენტუსთან“ გასამართი ფინალის წინ კრიშტიანუ რონალდუს შეკითხვაზე, ნერვიულობდა თუ არა ის, ფლორენტინომ მიუგო: „მე რატომ უნდა ვინერვიულო, წესით ტურინელები უნდა ნერვიულობდნენ“.

ყველაზე ძვირად „რეალის“ ფეხბურთელებიდან პერესმა კრიშტიანუ რონალდუ გაყიდა - „იუვენტუსის“ მიერ გადახდილი 117 მილიონიდან 100 სამეფო კლუბს დარჩა, 17 კი საგადასახადომ წაიღო.

ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი ფეხბურთელის, ხოსე ანტონიო რეიესის შვილი პერესმა „რეალის“ აკადემიაში უფასოდ მოაწყო.

ფლორენტინო პსჟ-ს მცველ ტომას მუნიეს არ მიესალმა, რადგან მან ჩემპიონთა ლიგის მატჩში ედენ აზარს მძიმე ტრავმა მიაყენა.

პერესის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი სწორედ ბელგიელი ფეხბურთელია - მის სანაცვლოდ „რეალმა“ „ჩელსის“ 120 მილიონი ევრო გადაუხადა.

2021 წელს ფლორენტინო პერესის პირადი საუბრების 2006 და 2012 წლის აუდიოჩანაწერები გავრცელდა. ის ცუდი ტონით ლაპარაკობდა ვისენტე დელ ბოსკეს, იკერ კასილიასის, მესუთ იოზილისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ. ის განსაკუთრებით დელ ბოსკეს ლანძღავდა, რომელსაც სულელი, შარლატანი და უცოდინარი მწვრთნელი უწოდა.

ზინედინ ზიდანი ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც პერესს არ გაუთავისუფლებია - ფრანგმა ორივე შემთხვევაში პოსტი საკუთარი ნებით დატოვა.

პერესის ფავორიტი მწვრთნელი და ფეხბურთელი

„რეალი“ ესპანეთის ერთადერთი გუნდია, რომელმაც კორონავირუსის პერიოდი ფინანსური დანაკარგების გარეშე გაიარა, რაც პერესის დამსახურებაა.

2022 წელს ფილტვებზე კვანძის მოსაშორებლად იოლი ოპერაცია გაიკეთა.

ფედე ვალვერდეს ტრანსფერზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, „პენიაროლის“ პრეზიდენტმა ხუან დამიანმა ფლორენტინოს უთხრა, რომ ფედე ნახევარდაცვაში არსებულ მძიმე კონკურენციას ფეხბურთელი ვერ გაუძლებდა და ძირითადში მოხვედრა გაუჭირდებოდა. პერესმა კი პირობა მისცა, რომ ცოტა ხანში გაუგზავნიდა ფოტოს, რომელზეც ვალვერდეს ჩემპიონთა ლიგის თასი ექნებოდა აღმართული. ურუგვაელმა ფუნქციონერმა ფოტო 2022 წლის ივნისში მიიღო.

პერესის პრეზიდენტობის პერიოდში „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა 7-ჯერ მოიგო, რითაც მან სანტიაგო ბერნაბეუს (6) აჯობა.

პერესი 22 წელია „რეალს“ ხელმძღვანელობს და ბერნაბეუს (1943-1978) რეკორდამდე კიდევ 13 წელი აშორებს. სამაგიეროდ ტიტულების რაოდენობით ფლორენტინო (35 ჯილდო) სანტიაგოზე (31) წინ არის.

ის „რეალის“ არამხოლოდ საფეხბურთო, არამედ საკალათბურთო კლუბსაც წარმატებულად ხელმძღვანელობს - გუნდმა მისი მმართველობის ხანაში 28 ჯილდო მოიგო, აქედან 8-ჯერ ესპანეთის ლიგა ენდესა და 3-ჯერ ევროლიგა.

მისი პრეზიდენტობის პერიოდში „ბლანკოსში“ ცამეტმა მწვრთნელმა იმუშავა. აქედან ყველაზე ნაკლები დრო ხოსე ანტონიო კამაჩომ (2004 წლის მაისიდან სექტემბრამდე) დაჰყო, ხოლო ყველაზე დიდი ხანი, 6.5-წელი კარლო ანჩელოტის აქვს გატარებული.

პერესის ინიციატივით „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, ბილეთების გაყიდვიდან მიღებული ყოველწლიური შემოსავალი 150 მილიონიდან 340 მილიონამდე გაიზარდა.

პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ, დონ ფლორენტინოს კლუბის საქველოქმედო ფონდის ხელმძღვანელობა სურს.

2023 წელს სატრანსფერო ექსპერტები პერესს ნიკოლო ბარელას, ან ენცო ფერნანდესის შეძენას ურჩევდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ მხოლოდ ჯუდ ბელინგემის დამატება სურდა. ანალოგიური რამ მოხდა 2001 წელსაც, სპორტული დირექტორი ხორხე ვალდანო მას გაისკა მენდიეტას, ან მანუელ რუი კოშტას დამატებისკენ მოუწოდებდა, ხოლო პერესს ზიდანის გარდა არავისი გაგონება არ სურდა.

პერესის პრეზიდენტობის პერიოდში „რეალში“ „ოქროს ბურთის“ რვა მფლობელმა ითამაშა. ზინედინ ზიდანმა, მაიკლ ოუენმა და რიკარდო კაკამ ეს პრიზი მადრიდში გადაბარგებამდე მოიპოვეს, ლუიშ ფიგუმ, კარიმ ბენზემამ, ლუკა მოდრიჩმა, კრიშტიანუ რონალდუმ და რონალდომ კი „სამეფო კლუბში“.

მთლიანობაში „რეალის“ პრეზიდენტად მუშაობისას, ფლორენტინო პერესმა ტრანსფერებში 2,1 მილიარდი ევრო დახარჯა, თავად კი ფეხბურთელების გაყიდვაში 1,3 მილიარდი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიფტში გადაწყვეტილი ამბავი - გუარდიოლას და ლუის ენრიკეს საინტერესო ისტორია
ლიფტში გადაწყვეტილი ამბავი - გუარდიოლას და ლუის ენრიკეს საინტერესო ისტორია