ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

დაუჯერებელი სტატისტიკა და 2 მთავარი ფაქტორი | გერმანელი მწვრთნელი ბუდუზე

გერმანელი სპეციალისტი მიხაელ ბორისი, რომელიც „მოლ ფეჰერვარში’’ ბუდუ ზივზივაძეს წვრთნიდა, ქართველ ფორვარდთან მუშაობის პერიოდს იხსენებს. ბორისი თვლის, რომ ბუდუს მაღალი სათამაშო დონე ყველაზე მეტად მაშინ ჩანს, ყველაზე მეტად მაშინ არის თვალსაჩინო, როცა გვერდით ისეთი შემტევი ჰყავს, რომელიც შავ სამუშაოს ასრულებს და ამასთან ერთად შეტევაში პროდუქტიულია.

მიხაელ ბორისი CrystalSport-თან საუბარში ბუდუს უნგრულ კარიერას იხსენებს, როცა „უიპეშტში’’ გოლების საოცარი სერია ჰქონდა, ჩემპიონატის 12 მატჩში 11 გოლი შეაგდო, შემდეგ „მოლ ფეჰერვარში’’ დაბრუნდა და კონფერენს ლიგაზე ექვს მატჩში 6 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი „კიოლნთან'' მატჩი იყო, როცა ბუდუმ გერმანიაში ჯერ თავად გაიტანა და შემდეგ გამარჯვების გოლი პალკო დარდაის გაატანინა.

ფოტოზე: მიხაელ ბორისი და ბუდუ ზივზივაძე

ბუდუ და მიხაელ ბორისი

მიხაელ ბორისი: „მას ძალიან კარგი სტატისტიკა ჰქონდა უნგრეთში და შემდეგ გერმანიაში. თუ „უიპეშტში’’ მის სტატისტიკას ნახავთ, ეს დაუჯერებელია.

კარის წინ ბუდუ ინსტინქტს და ხარისხს ავლენს, მას ბრწყინვალე რაღაცების გაკეთება შეუძლია, უფრო მაღალი დონის ლიგაშიც!

რაც მე დავინახე, ორი მახასიათებელი აქვს. თუ თავს გუნდში კარგად და კომფორტულად გრძნობს, ყოველთვის საუკეთესო თამაშს აჩვენებს, ასე იყო მაშინ, როცა მასთან „ფეჰერვარში’’ ვმუშაობდი და ასე იყო შემდეგ, როცა „კარლსრუეში’’ თამაშობდა.

მისი ხარისხი ხილვადი და თვალსაჩინო უფრო მეტად მაშინ ხდება, როცა გვერდით ისეთი შემტევი ჰყავს, რომელიც შავ სამუშაოს კარგად ასრულებს „ფეჰერვარში’’ ასეთი მოთამაშე პალკო დარდაი იყო, „კარლსრუეში’’ - შლოიზენერი. ასეთ დროს მას შეუძლია  გოლები „არაფრიდან’’ შექმნას !

ასევე, ის შრომობს ბურთთან ერთად და უბურთოდ, როცა ართმევაზე თამაშია საჭირო, მაგრამ თუ მას გვერდით ისეთი ბიჭი ჰყავს, რომელსაც აქვს იმის გონიერება, თუ  როგორ შექმნას რაღაც კარის წინ, ასეთ დროს ბუდუ ისე თამაშობს, როგორც ეს „კარლსრუეში’’ იყო !''

ფოტოზე ბუდუ იმრე საბიჩთან ერთად, ამჟამად საბიჩიც ბუნდესლიგაშია, „აუგსბურგის'' მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.

ბუდუ ფეჰერვარი

ბორისის მიერ ხსენებული პალკო დარდაი ცნობილი უნგრელი ფეხბურთელის, პოლ დარდაის შვილია. პალკო დარდაიმ ბუდუს მსგავსად კარიერა გერმანიაში გააგრძელა, „ჰერტაში'' თამაშობდა, ახლა „შეფილდ იუნაიტედშია''.

ბუდუ „მოლ ფეჰერვარიდან'' „კარლსრუეში'' გადავიდა, საწყისი რთული პერიოდის შემდეგ ფორმის პიკს მიმდინარე სეზონში მიაღწია, 2024-25 წლების სეზონის პირველ ნახევარში მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და 1,8 მილიონ ევროდ ბუნდესლიგის „ჰაიდენჰაიმმა'' შეიძინა.

ბუდუ და ტრენერები

ბუნდესლიგაში ბუდუმ „ჰაიდენჰაიმის’’ რიგებში 6 მატჩი ჩაატარა, ყველა სასტარტოდან დაიწყო და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს. „ჰაიდენჰაიმმა’’ ორი ფორვარდით აღნიშნული 6-დან მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა, გასულ ტურში „ფრაიბურგთან'' მატჩის მეორე ტაიმში ბუდუს მარვინ პირინგერი შეუწყვილდა. პირინგერი 4 გოლით ამ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, თუმცა ბუდუს შეძენის შემდეგ უფრო მეტად მეორე ფორვარდად ან შემტევ ნახევარმცველად ათამაშებენ.

ბუნდესლიგის გასულ ტურში „ფრაიბურგთან'' შეხვედრის წინ „ჰაიდენჰაიმის'' მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა აღნიშნა, რომ ბუდუ მშრალი სერიის გამო ღელავს.

ფრანკ შმიდტი: „დიახ, ბუდუს გოლის გატანა ნამდვილად სჭირდება. მას თავისი შანსები „დორტმუნდთან'' და „აუგსბურგთანაც'' ჰქონდა. ზივზივაძე ფორვარდია და ამის გამო შფოთავს. მას ბევრი პლუსი გააჩნია და მხოლოდ გოლების გამო არ დაგვიმატებია. ბუდუმ გარკვეულ ასპექტებში დახმარება უკვე გაგვიწია. ბოლო შეხვედრაში („დორტმუნდთან'') თამაშის დროს ხარვეზები გვქონდა. იყო მომენტები, როცა ტექნიკური შეცდომები დავუშვით, რა დროსაც ზივზივაძე ცენტრში იცდიდა. ზუსტად ამ ასპექტების დახვეწაზე ვმუშაობთ. ჩვენი შემტევებისთვის მეტი საგოლე შანსი უნდა შევქმნათ. ხანდახან საჭიროა, რომ ნავსი გატყდეს და პირველი გოლი გავიდეს, ბუდუც ამას ელოდება, თუმცა ჩვენც ყველას ეს გვინდა“.

21 ტურის შემდეგ 18-გუნდიან ბუნდესლიგაში „ჰაიდენჰაიმი'' 14 ქულით მე-16 ადგილზეა, უშუალო კონკურენტ „ჰოფენჰაიმს'' 4 ქულით ჩამორჩება. 22-ე ტურში, 16 თებერვალს ბუდუს გუნდი „მაინცს'' მიიღებს, მანამდე კი კონფერენს ლიგაზე გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენს'' ესტუმრება (14 თებერვალი).

მთავარ ფოტოზე ბუდუ პალკო დარდაისთან ერთად

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავმდაბალი ბიჭი მოედანზე თავხედი ხდება | უცნობი ამბები ოდიშარიაზე
თავმდაბალი ბიჭი მოედანზე თავხედი ხდება | უცნობი ამბები ოდიშარიაზე