„ხელოვანის პირველი გოლი“ | Eurosport-მა კვარაცხელია გამოარჩია
Eurosport-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტური შეაფასა და „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. ცნობილმა გამოცემამ ტურის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა და თითოეულ მათგანზე დეტალურად ისაუბრა.
„პარი სენ-ჟერმენის მაისურით გამართულ საწყის სამ შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელია ჩუმად იყო, მეოთხე მატჩში ყველაფერი შეიცვალა. ზამთარში 70 მილიონ ევროდ ნაყიდმა ფეხბურთელმა სადებიუტო გოლი გაიტანა, რომელიც გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა და პარი სენ-ჟერმენს დაწინაურებაში დაეხმარა.
ხელოვანის პირველი გოლი. კვარაცხელიამ, ცრუმოძრაობით, რომლითაც კრისტიან მავისა უკანალზე დასვა, მოკლე სივრცეებში საოცარი ტექნიკური უნარები გამოავლინა. კვარამ დაბადების მოწმობას ხელი მოაწერა და ეს ოსტატურად და ბრწყინვალე სტილში გააკეთა“.
ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები VS მონაკო
ცნობისთვის, „მონაკოსთან“ მატჩში, კვარაცხელიას 4 დარტყმა ჰქონდა, 2 დაუბლოკეს, ერთი მეკარემ აუღო, ერთი გაიტანა. ბურთს 48-ჯერ შეეხო, 34-დან 24 ზუსტი გადაცემა გააკეთა და 6-დან სამი ორთაბრძოლა მოიგო. ასევე, მისი მონაგარი 2 საკვანძო გადაცემა გახლდათ.