გეგმა არ მაქვს, უბრალოდ გადავუვლი - დუ პლესი ჩიმაევთან ჩხუბზე
მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით UFC 312-ის მეინ რაუნდის მთავარ ორთაბრძოლაში, შონ სტრიკლენდის დამარცხების შემდეგ, დრიკუს დუ პლესიმ საშუალო წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამარი დაიცვა და საკუთარი ისედაც მყარი პოზიციები, კიდევ უფრო განიმტკიცა.
ბრძოლის დასრულებიდან რამდენიმე საათში, 31 წლის სამხრეთ აფრიკელმა მებრძოლმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და თითქმის ყველა აქტუალურ საკითხზე ისაუბრა.
დრიკუს დუ პლესი
გავიგე, რომ ბევრი გულშემატკივარი ჩვენი ბრძოლის სანახაობრივი მხარით კმაყოფილი არ დარჩა, თუმცა ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი მე მიმიძღვის. ვიცი, რომ როდესაც ადამიანი ბილეთში ფულს იხდის, მას პატივი უნდა სცე და ოქტაგონზე შოუ დადგა. მე ყველაფერი გავაკეთე რომ შოუ გამოსულიყო, დანარჩენზე ჩემს მეტოქეს ჰკითხეთ.
მომდევნო ბრძოლა აუცილებლად ხამზატ ჩიმაევთან უნდა შედგეს, რადგან მინდა ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანიც კი დავარწმუნო იმაში, რომ საშუალო წონითი დივიზიონის მეფე მე ვარ. გეგმა? ჩიმაევის წინააღმდეგ არანაირი გეგმა არ მაქვს, მე მას უბრალოდ გადავუვლი.
რაც შეეხება შონს, მე მას ვურჩევდი, რომ ისრაელ ადესანიასთან რევანშზე იფიქროს, მათი ჩხუბი უდავოდ UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენა იქნება. მე კი ხამზატის დაჩოქების შემდეგ, ალექს პერეირასთან დაპირისპირება მსურს. ეს ისეთი დონის მებრძოლია, რომ ადრე თუ გვიან მასთან ოქტაგონის გაყოფა მომიწევს.
სხვათა შორის, დუ პლესი-სტრიკლენდის შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებმა დენა უაითს ჰკითხეს, რის შეცვლას ურჩევდა ის სამხრეთ აფრიკელს, რაზეც UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიუგო, რომ დრიკუსს არანაირი კორექტივების შეტანა არ სჭირდება, რადგან ის მსოფლიოს ჩემპიონია.