სკანდალი თურქეთის ჩემპიონატში - გალათასარაის მატჩი ჩაიშალა
თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატის XXIII ტურის შეხვედრა „გალათასარაი“ - „ადანა დემირსპორი“ 30-ე წუთზე შეწყდა და აღარ გაგრძელებულა. თამაშის ჩაშლის მიზეზი სტუმართა გუნდის ფეხბურთელების პროტესტი გახდა, რომლებიც მათ კარში დანიშნულ 11-მეტრიანზე აპელირებდნენ. განვითარებული მოვლენების პარალელურად, მოედანზე ადანელების პრეზიდენტიც ჩამოვიდა, რის შემდეგაც გაჩნდა იმედი, რომ მატჩი გაგრძელდებოდა, თუმცა პირიქით მოხდა და მოთამაშეებმა მოედანზე დაბრუნებაზე უარი განაცხადეს, რის გამოც მთავარი არბიტრი ოგუზჰქან ჩაქირი იძულებული გახდა შეხვედრა შეწყვეტილად გამოეცხადებინა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ სტამბოლელები 30-ე წუთისთვის თამაშს მინიმალური სხვაობით იგებდნენ და ერთადერთი ბურთი პენალტის ნიშნულიდან ალვარო მორატას ჰქონდა გატანილი, რომელიც სტამბოლელებს ცოტა ხნის წინ „მილანიდან“ შეუერთდა და თურქეთის გრანდის მაისურით სადებიუტო შეხვედრას ატარებდა. მომხდარ ფაქტზე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს და სავარაუდოდ, „ადანა დემირსპორი“ უმკაცრეს სასჯელს ვერ გადაურჩება.
ცნობისათვის, 21 მატჩში დაგროვებული 57 ქულით „გალათასარაი“ სუპერლიგის ლიდერია, ხოლო „ადანა დემირსპორი“ 5 ქულით გათამაშების ბოლო პოზიციაზე იმყოფება და უიმედი აუტსაიდერია.