რეკორდი NBA-ს მცველებს შორის - კარიმ ყველას აჯობა
ლებრონ ჯეიმსისა და კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად, სტეფ კარიც იმ სპორტსმენთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა თამაშის ხარისხსაც ასაკის მატება ვერაფერს აკლებს. „გოლდენ სტეიტისა“ და მთლიანად NBA-ს ლეგენდამ მორიგი რეკორდი დააფიქსირა, რომლის მოხსნაც სავარაუდოდ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ყველას გაუჭირდება.
„ჩიკაგოსთან“ (111:132) სტუმრად მოგებული შეხვედრის შემდეგ, კარი გახდა ამპლუით მცველ-გამთამაშებლებს შორის ის მოთამაშე, რომელსაც საჯარიმოს ხაზიდან ჩაგდებული ბურთების გამოკლებით, ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა აქვს დაგროვებული. საჯარიმოების ჩათვლით „უორიორსის“ ლიდერის ანგარიშზე 24 622 ქულაა, აქედან 20 763 კი მას თამაშიდან აქვს მოპოვებული. „ბულსთან“ მატჩში ვეტერანმა კალათბურთელმა 33 წუთში 34 ქულა, 6 ასისტი, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა, რითაც შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.
კარი „გოლდენ სტეიტის“ ღირსებას 2009 წლიდან იცავს და მას შემდეგ NBA-ს ჩემპიონი 4-ჯერ (2015, 2017, 2018, 2022) გახდა, ხოლო ორ შემთხვევაში ლიგის ყველაზე სასარგებლო კალათბურთელად დაასახელეს.