ურუშაძის წარმატება - ბრინჯაოს მედალი პრესტიჟულ ტურნირზე
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართული კადეტ მოფარიკავეთა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი გიორგი ურუშაძისთვის წარმატებული გამოდგა. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა შეჯიბრებაში გამოსვლა ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რაც მისი ასაკიდან გამომდინარე (15 წლისაა), საკმაოდ სერიოზული წარმატებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ მედლებისთვის სხვადასხვა ქვეყნის 150-მდე სპორტსმენი იბრძოდა და ურუშაძემ საპრიზო ადგილი სერიოზული კონკურენციის ფონზე დაიკავა.
ჯგუფში ხუთიდან ხუთი მოგებული ბრძოლის შემდეგ, ის პლეი ოფში პირდაპირ მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო, ხოლო პოლონელი სპორტსმენის სახით პირველი ძლიერი მეტოქე მეოთხედფინალში შეხვდა, რომელსაც 15-5 აჯობა, ნახევარფინალურ ეტაპზე კი კარგი სტარტის მიუხედავად, საბოლოოდ თურქ მოწინააღმდეგესთან ვერაფერი გააწყო, 10:15 დამარცხდა და მესამე ადგილს დასჯერდა.
ცნობისათვის, პრაღაში გამართულ შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყნის სახელით გიორგი ურუშაძის გარდა, კიდევ ერთი მოფარიკავე კონსტანტინო ზუფფა გამოდიოდა, თუმცა სამწუხაროდ ის მედლის გარეშე დარჩა.