ემპოლის მძიმე მარცხი მილანთან | გოგლიჩიძის გამორჩეული მომენტები
იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში „ემპოლი’’ შინ „მილანთან’’ 0:2 დამარცხდა. „ემპოლის'' იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 9 მატჩია არ მოუგია და ამ 9 მატჩიდან 7 დათმო, 2 ფრედ ითამაშა, 21 ქულით მე-17 ადგილზეა და ამ მომენტში გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.
ტოსკანელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ გოგლიჩიძე სათადარიგოთა სკამზე დასვა, თუმცა 28-ე წუთზე თამაშში ჩართო, რადგან ვიტიმ ტრავმა მიიღო. ტრადიციულად, საბა სამ ცენტრალურ მცველს შორის მარჯვენა მცველი იყო.
პირველი ტაიმის მიწურულს ჟოაუ ფელიქსი საჯარიმოში შესვლას ცდილობდა, თუმცა საბამ მის წინააღმდეგ პოზიციურად სწორად ითამაშა, გრასის დახმარებით გაანეიტრალა. მიუხედავად იმისა, რომ „ემპოლი'' დამარცხდა, საბამ ბევრ მომენტში დამაჯერებლად და ზუსტად იმოქმედა.
საბას საუკეთესო მომენტები
55-ე წუთზე არბიტრმა ტომორის წითელი ბარათი უჩვენა და მილანური გუნდი 10 ფეხბურთელით დარჩა. 65-ე წუთზე მარიანუჩი გააძევეს და „ემპოლიც’’ 10 კაცით დარჩა.
საბა ფელიქსთან იდგა, ემანუელ გიასი - ლეაუსთან, თუმცა გიასი გაჩერდა, ინერტული იყო და საბა ფელიქსისა და ლეაუს წინააღმდეგ მარტო მოქმედებდა. ამ გოლში საბას ვერ დავადანაშაულებთ, გიასიმ მარტო დატოვა ორი უმაღლესი დონის შემტევის წინააღმდეგ.
მეორე გოლისას, როცა სანტი ხიმენესმა გაიტანა, საბა და მისი თანაგუნდელები შეცდნენ, ორთაბრძოლები დათმეს, სივრცეები დატოვეს, ერთმანეთი ვერ დააზღვიეს.
20 წლის გოგლიჩიძემ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 21-ე მატჩი ჩაატარა. 21-დან 18 მატჩი სასტარტოდან დაიწყო.