ჩაკვე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - უოტფორდს ბოლო წუთებზე გაუთანაბრეს
ინგლისის ჩემპიონშიფის 31-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „სანდერლენდს“ ესტუმრა და ფრედ 2:2 ითამაშა.
მასპინძლები მე-16 წუთზე ნილის გოლით დაწინაურდნენ და სტარტი უკეთესი ჰქონდათ, თუმცა „უოტფორდმა“ სცენარის სათავისოდ შემობრუნება მოახერხა. 43-ე და 47-ე წუთებზე დელე-ბაშირუმ და იმრან ლუზამ სტუმრები დააწინაურა.
სტუმრები თითქოს მნიშვნელოვანი სამი ქულისკენ მიდიოდნენ, მაგრამ 89-ე წუთზე დენის სირკინმა წონასწორობის აღდგენა შეძლო, რის შემდეგაც, დამატებით წუთებზე „უოტფორდმა“ საერთოდ კინაღამ წააგო.
რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, გიო სასტარტოში იყო და აქტიურიც იყო. მოედანზე 90 წუთი გაატარა, ჩვეულ სტილში რამდენიმე დამახასიათებელი დრიბლინგიც შემოგვთავაზა. 47-ე წუთზე კი საგოლე შეტევა სწორედ მან წამოიწყო, როცა კონტრ-შეტევის დროს სივრცეს შეუტია, კეიემბეს გადააწოდა, რომელმაც ლუზა მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ულამაზესი დარტყმით გაიტანა.
Whoscored-ის მონაცემებით, ჩაკვეტაძემ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება 7.02 მიიღო.
ამ ქულის შემდეგ, „უოტფორდი“ 42 ქულით მე-10 ადგილზეა და საპლეიოფო ზონას 3 ქულით ჩამორჩება. 32-ე ტურში ტომ ქლევერლის გუნდი შინ „ლიდსს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 11 თებერვალს 23:45-ზე დაიწყება.