ამას 120 წელია ვისმენთ - პიკე რეალის საჩივარზე
„რეალის“ მიერ მსაჯების წინააღმდეგ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში შეტანილმა საჩივარმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სამეფო კლუბის ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ „ესპანიოლის“ ფეხბურთელის მიერ კილიან მბაპეს წინააღმდეგ უხეში თამაში წითელ ბარათად უნდა შეფასებულიყო, თუმცა არბიტრმა ასე არ ჩათვალა.
იმ საჩივარში, რომელიც მადრიდულმა კლუბმა გაგზავნა წერია, რომ მხოლოდ ამ თამაშით არ ხელმძღვანელობენ და არბიტრების ბრიგადის მიერ მათ მიმართ თითქმის ყოველ ტურში ხდება ისეთი შეცდომების დაშვება, რაც მატჩის შედეგზე ზეგავლენას ახდენს. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ გააკეთა, რომელიც ფეხბურთელობის პერიოდში სამეფო კლუბის მიმართ რბილი დამოკიდებულებით არ გამოირჩეოდა.
რას ამბობს პიკე
„ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს ასი პროცენტით ვეთანხმები - ჩოლომ თქვა, რომ უკვე 120 წელია „რეალისგან“ წუწუნის მოსმენა გვიწევს, ამ დროს კი მათ წინააღმდეგ განსაკუთრებული არაფერი ხდება.
სპეციალურად ვუყურე „ესპანიოლი“ - „რეალის“ შეხვედრაში იმ ეპიზოდს და გარედან მართლაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი გაძევებად უნდა შეფასებულიყო, მაგრამ არბიტრმა სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი რაღაცის მსხვერპლი როგორც „ბარსელონა“, ასევე „ატლეტიკო“ ათასჯერ გამხდარა, მაგრამ საჩივარი არსად შეუტანით.
ვიცი ახლა ფლორენტინო პერესი ამ გზით ცდილობს სამსაჯო ბრიგადაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას, მაგრამ ვფიქრობ არაფერი გამოუვა.
პიკეს კარიერის საუკეთესო პერიოდი „ბარსელონაში“ აქვს გატარებული, რომელთან ერთადაც 9-ჯერ ლა ლიგა, 7-ჯერ კოპა დელ რეი, 6-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 2-ჯერ უეფას სუპერ თასი მოიგო.